გიგა ბოკერია: არ შეიძლება იმ პრეცედენტის დაშვება, რომ საქართველოში შესაძლებელია ძალაუფლების მიტაცება

პარტია “ევროპული საქართველოს” ერთერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ოპოზიცია უკვე წავიდა კომპრომისზე, როდესაც დააყენა ვადამდელი არჩევნების საკითხი, ნაცვლად ხელახალი არჩევნებისა.

ამის შესახებ გიგა ბოკერიამ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების პროცესთან დაკავშირებით  ჟურნალისტებს განუცხადა და განმარტა, რომ ოპოზიციის ყველა წინადადება არჩევნებს უკავშირდება და სხვა შეთავაზებას არ დათანხმდება.

„ჩვენ, პარტიები ყველა თემაზე ვიკრიბებით რუტინულად. ჯერ არანაირი სიახლე არ გვაქვს მესამე რაუნდთან დაკავშირებით და ოპოზიციური პატიების პოზიციაც უცვლელია – ჩვენი ყველა წინადადება არის ხელახალი არჩევნების ქოლგის ქვეშ. ჩვენი პოლიტიკური გუნდი არ განიხილავს სხვა წინადადებას. ახალი არჩევნების ქოლგის ქვეშ არის ბევრი მნიშვნელოვანი წინადადება, რაზეც ალბათ, ბატონი ალეკოც საუბრობს, რადგან ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს ნორმალურად და ნორმალურად ჩატარებას სჭირდება არსებითი ცვლილებები“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

კითხვაზე, რას იზამს ოპოზიცია, თუკი “ოცნება” მაგალითად, 2024 წლის არჩევნებზე ბარიერის დაწევას, ან საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილებას წარმოადგენს, გიგა ბოკერიამ უპასუხა, რომ არჩევნების გარდა, ოპოზიცია სხვა შეთავაზებას არ დათანხმდება.

„არ შეიძლება იმ პრეცედენტის დაშვება, რომ საქართველოში შესაძლებელია ძალაუფლების მიტაცება, რადგან მერე ეგ გზა მიდის წმინდა წყლის ავტორიტარიზმამდე. ოპოზიცია უკვე წავიდა კომპრომისზე, როდესაც დააყენა საკითხი ვადამდელი არჩევნებისა, ნაცვლად ხელახალი არჩევნებისა“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად