გია ჟორჟოლიანი: უნდა შემოვიღოთ პროპორციული საარჩევნო სისტემა მრავალმანდატიან ოლქებში

„ჩვენი აზრით, პროპორციული სისტემის დანერგვას გარკვეული რისკები გააჩნია. პროპორციული წარმომადგენლობა ასუსტებს კავშირს ამომრჩეველსა და წარმომადგენლებს შორის და, ასევე, დეპუტატის პერსონალურ პასუხისმგებლობას. ჩვენ გთავაზობთ პროპორციული საარჩევნო სისტემის უფრო ეფექტიან ვერსიას – პროპორციული საარჩევნო სისტემა მრავალმანდატიან ოლქებში, რაც უზრუნველყოფს პოლიტიკური პარტიების პროპორციულ წარმომადგენლობას საკანონმდებლო ორგანოში და ამავდროულად, ინარჩუნებს რეგიონული წარმომადგენლობის პრინციპს – შესაძლებლობას აძლევს ამომრჩეველს, იცოდეს კონკრეტული პიროვნებები, ვისაც ხმას აძლევს.”

ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი – სოციალ- დემოკრატების“ წევრმა, გია ჟორჟოლიანმა პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღებასთან დაკავშირებით დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა და განმარტა, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით თითქმის სრული კონსენსუსია მიღწეული პოლიტიკურ ძალებს შორის.

მისივე თქმით, განსხვავება „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარმოდგენილ ინიციატივებს შორის ეხება ბარიერისა და ბლოკების საკითხს.

გია ჟორჟოლიანის თქმით, აღნიშნული საარჩევნო სისტემის პრინციპი შემდეგია: არჩევნები ტარდება მრავალმანდატიან ოლქებში, ნაცვლად მთელი ქვეყნის ერთიან საარჩევნო ოლქად წარმოდგენისა (რომლის შედეგადაც აირჩევა 150 დეპუტატი). თითოეული ოლქისთვის განისაზღვრება მანდატების შესაბამისი ოდენობა იმის მიხედვით, თუ რა რაოდენობის ამომრჩეველია რეგისტრირებული ამა თუ იმ ოლქში. ამავდროულად იქმნება ე. წ. „საკომპენსაციო სიები“, რომელიც გაუნაწილებელი მანდატების შემთხვევაში, უზრუნველყოფს განაწილებას პარტიებს შორის, რათა არ მოხდეს პარტიის მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით მიღებული ხმების დაკარგვა.

გია ჟორჟოლიანის ინფორმაციით, ასეთი საარჩევნო სისტემა გავრცელებულია ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში. „სწორედ ესაა ყველაზე ეფექტიანი და მდგრადი საარჩევნო სისტემა, რადგან იგი გარდა იმისა, რომ უზრუნველყოფს ამომრჩეველთა მხარდაჭერის პროპორციულ გამოხატვას საკანონმდებლო ორგანოში, ხელს უწყობს რეგიონების რეპრეზენტაციასაც“, – თქვა გია ჟორჟოლიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად