გია ჟორჟოლიანი: ფასიანი პოლიტიკური რეკლამა გაუქმდეს და არჩევნებზე რეგისტრირებული ყველა პოლიტიკური პარტიისთვის თანაბარი საეთერო დრო გამოიყოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, „სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარე დეპუტატი გია ჟორჟოლიანი გამოდის ინიციატივით, რომ ფასიანი პოლიტიკური რეკლამა გაუქმდეს და არჩევნებზე რეგისტრირებული ყველა პოლიტიკური პარტიისთვის თანაბარი საეთერო დრო გამოიყოს.

ამის შესახებ გია ჟორჟოლიანმა დღვანდელ ბრიფინგზე განაცხადა და განმარტა, რომ შესაბამისი კანონპროექტი პარლამეტში ინიცირებულია, თუმცა, პანდემიის გამო კენჭისყრა ვერ მოხერხდა.

“2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს უმნიშვნელოვანესი როლი ეკისრება საქართველოს მომავალ განვითარებაში. არსებობს შესაძლებლობა, რომ ეს არჩევნები გახდეს თვისობრივად ახალი პოლიტიკური ეტაპის დასაწყისი. ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია ძირეულად შეიცვალოს როგორც არსებული პოლიტიკური ელიტის უდიდესი ნაწილი, ასევე თავად პოლიტიკური დისკურსიც და პოლიტიკის წარმართვის სტილი. დღეს პოლიტიკურ და მედია დღის წესრიგში წარმოდგენილები არიან არა ის პარტიები, რომლებიც წარმოადგენენ საზოგადოების სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფებს ან უმრავლესობას, არამედ ისინი ვისაც აქვთ ფინანსური კაპიტალი. ფაქტობრივად ჩამოყალიბდა ორპარტიული „დიქტატურა“. არსებული ორპოლუსიანი სისტემა, სადაც ორი პარტია კინკლაობითა და პიროვნული დაპირისპირებითაა დაკავებული, უნდა შეიცვალოს. ამისათვის აუცილებელია მოხდეს ახალი პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ძალების წარმოდგენა. ხალხს კი უნდა მიეცეს შესაძლებლობა, კონკურენტუნარიან და თანასწორი შესაძლებლობების მქონე საარჩევნო გარემოში, პასუხისმგებლიანი და ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებული არჩევანი გააკეთოს” – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

მისივე თქმით, „სოციალ-დემოკრატების“ მიერ მომზადებული კანონპროექტის მიზანია წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური პარტიების თანასწორ პირობებში ჩაყენება, სატელევიზიო ეთერით საარჩევნო კამპანიის წარმართვის კუთხით.

„კანონპროექტის მიზანია ფასიანი პოლიტიკური რეკლამის გაუქმება და არჩევნებზე რეგისტრირებული ყველა პოლიტიკური პარტიისთვის თანაბარი საეთერო დროის გამოყოფა. ეს ხელს შეუწყობს არჩევნების კონკურენტუნარიან და თანაბარ პირობებში წარმართვას, სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს მიეცემათ სრულფასოვანი შესაძლებლობა მოქალაქეებს სრულყოფილად მიაწოდონ თავიანთი პოლიტიკური ხედვა. ეს უზრუნველყოფს, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ ფართო არჩევანი და რეალურად მრავალფეროვან ალტერნატიულ ხედვებს შორის მათთვის სასურველი აირჩიონ. პოლიტიკური პარტიებისთვის მედიაში თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა უმნიშვნელოვანესი პრინციპია სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისთვის”,- განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად