გია ჟორჟოლიანი: მაჟორიტარული სისტემა ისეთ ქვეყნებშია, რომელიც დემოკრატიის აკვნად მიიჩნევა

"დემოკრატიის საზომი არ არის ის მაჟორიტარული იქნება საარცევნო სისტემა, თუ პროპორციული",- ეს განცხადება ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრმა, გია ჟორჟოლიანმა სასტუმრო "რადისონში" საპარლამენტო ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან გააკეთა. 

"ის რაც დღეს არის წარმოდგენილი, რაც დაადგინა საკონსტიტუციო სასამართლომ, ამომრჩეველთა ხმების გათანაბრება, ანუ ის, რომ ყველა ადამიანს ჰქონდეს თანასწორი ხმა არჩევნებისას, ჰქონდეს საშუალება, თანასწორად მიიღოს გადაწყვეტილებაში მონაწილეობა გვინდა, რომ ამ მიმართულებით განვახორციელოთ ცვლილება. ეს არის ფუნდამენტური ცვლილება. რას ნიშნავს არაფერი ახალი და ყველაფერი იგივეა? ეს არის სასაცილო, ან ვინც ამას ამბობენ, არ იციან, რა ხდება.

მაჟორიტარული სისტემა არის ისეთ ქვეყნებში, რომლებიც დემოკრატიის აკვნად მიიჩნევა: საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, აშშ. ჩვენი უცხოელი მეგობრებიდან დაწყებული საერთაშორისო ექსპერტებით დამთავრებული და აქ მყოფი საქართველოს ექსპერტების, სიმართლისა და სამართლიანობისათვის მოწოდებული ადამიანების ინიციატივა იყო ის, რომ არჩევნები იყოს სამართლიანი. მაჟორიტარული იქნება ის თუ პროპორციული ეს არ არის დემოკრატიის საზომი. დემოკრატიის საზომი არის ის, რომ ყველა ადამიანს ჰქონდეს თანაბარი ხმა არჩევნებში. არჩევნებისას მოქალაქეები იღებენ გადაწყვეტილებას ქვეყნის მმართველობის შესახებ, ანუ ამ გადაწყვეტილებაში ყველა ადამიანი არის თანასწორი და სწორედ ამაზეა ლაპარაკი.

ჩვენ საპარლამენტო ოპოზიციამ გვითხრა, რომ 2016 წლის ან 2020 წლის საკონსტიტუციო ცვლილებაზე, ან ახლავე, ან მერე მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაზე არ ვლაპარაკობთო. ისინი ლაპარაკობდნენ 2016 წლის საარჩევნო სისტემაზე. იმაზე, თუ როგორი სახის უნდა იყოს მაჟორიტარული სისტემა.
ჩვენი პასუხი არის შემდეგი, არა მხოლოდ ეს პარტიები, არამედ ყველა დაინტერესებული ადამიანი უფლებამოსილია, გამოთქვას ასეთი წინადადებები. ჩვენ მომზადებული გვაქვს კანონპროექტი, რომელიც პრაქტიკულად სრულმა უმრავლესობამ გაიზიარა და ის უახლოეს ხანებში უნდა იყოს წარდგენილი პარლამენტში. ჩვენ დღესაც მზად ვართ ამაზე მსჯელობისთვის. მაგრამ ის, რომ ჩვენ ვინმეს პირობა მივცეთ, სანამ ჩვენ არ შევთანხმდებით და თუ ჩვენ არ შევთანხმდებით, მაშინ კანონპროექტს არ შევიტანთ ეს არ შეიძლება. ყველა შემთხვევაში უნდა უზრუნველვყოთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება და მეორე, მე გულწრფელად მინდა, რომ ის დიდი ხარვეზი, რომელიც ამ სისტემას ახასიათებს საქართველოში მოისპოს",- განაცხადა ჟორჟოლიანმა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...