გია ვოლსკი: ტვ “პირველთან” დაკავშირებული არ არის კობა კობალაძის შვილის დაკავება

პარლამენტის პირველი ვიცე სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, “ქართული ოცნების” დეპუტატის, კობა კობალაძის შვილის დაკავება ტვ “პირველთან“ დაკავშირებული არ არის, ისე როგორც სხვა ნებისმიერი ადამიანის, რომელთანაც არანაირი პრივილეგია კობა კობალაძეს, ან ნებისმიერ პარლამენტარს არ გააჩნია.

ამის შესახებ გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა და განმარტა, რომ ადამიანი თუ დამნაშავე იქნება – დაისჯება, მაგრამ თუ არ იქნება დამნაშავე, მის მიმართ პოლიტიკური სპეკულაციები არ უნდა გავრცელდეს.

“ტვ “პირველთან” დაკავშირებული არ არის კობა კობალაძის შვილის დაკავება და არც სხვა ნებისმიერი ადამიანის, რომელთანაც არანაირი პრივილეგია კობა კობალაძეს, ან ნებისმიერ პარლამენტარს არ გააჩნია. იქნება ადამიანი დამნაშავე -დაისჯება, არ იქნება დამნაშავე, რასაკვირველია, პოლიტიკური სპეკულაცია მის მიმართ არ უნდა გავრცელდეს, ელემენტარულად უსამართლოა. არც კობა კობალაძე, არც მისი ოჯახი და მისი რომელიმე  კოლეგა არ იქნება იმის მომხრე, რომ დაუსჯელი დარჩეს დამნაშავე, ვინც არ უნდა იყოს, გინდ მისი შვილი იყოს და ამის თაობაზე ისაუბრა თავად კობა კობალაძემ – ვაჟკაცმა, გმირმა ადამიანმა, რომელმაც საკმაოდ ბევრი დასდო თავის სახელმწიფოსთვის. მაგრამ თუკი, ვინმეს რაიმე ბრალი უმტკიცდება ტვ “პირველი” ან ნებისმიერი სხვა საინფორმაციო საშუალება არაფერ შუაში არ არის”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, “2020 წლის 24 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს პოლიციის მე-7 სამმართველოში დაიწყო გამოძიება 1997 წელს დაბადებული გ.ე.-ს ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით.

2020 წლის 10 ივლისს ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გავიდა ანონსი იმის შესახებ, რომ აპირებდნენ მომხდარი ფაქტის გაშუქებას. ვინაიდან პირდაპირ ეთერში გაჟღერდა მომხდარი დანაშაულის შესახებ და შეიქმნა საფრთხე საქმეში გამავალი პირების მიმალვის, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აღნიშნული პირების დაკავების შესახებ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული, სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, 2000 წელს დაბადებული გ.კ. დააკავეს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის. ამავე საქმესთან დაკავშირებით, 1997 წელს დაბადებული დ.ჟ. სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 238- პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, ასევე, თბილისში დააკავეს. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, 2000 წელს დაბადებული დ.კ. პოლიციის განყოფილებაში პირადი ინიციატივით გამოცხადდა. საქმეზე დამატებითი მტკიცებულებების მოპოვებისა და დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა გამოვლენის მიზნით ტარდება კომპლექსური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის “ე” ქვეპუნქტით, 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით და 238 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით”, – ნათქვამია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად