გია ვოლსკი “ტყის კოდექსზე”: ეკლესიას ამ კანონით არანაირი პრივილეგია არ ეძლევა

ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა და განმარტა, რომ “ტყის კოდექსში” ცვლილებებით, ეკლესია- მონასტრებისთვის მიწების გადაცემის მხოლოდ იურიდიული ფორმა იცვლება და კანონი მათთვის არანაირი პრივილეგიის მინიჭებას არ ითვალისწინებს.

“დაახლოებით სამი მილიონი ჰექტარიდან, მიწების გარკვეული რაოდენობა საკმაოდ მცირე აქვთ ეკლესია- მონასტრებს. მაგალითად, ნეკრესის მონასტერს გააჩნია გარკვეული მიწის ნაკვეთი, რომლის არათუ გადაცემა ხდება,არამედ არსებული ფორმა, რითიც ეკლესიის გარშემო მიწა არის მისთვის დამტკიცებული, გადაცემის ფორმის იურიდიული მხარე იცვლება. ასე რომ, ახალი არაფერი ხდება და მეორე, ეკლესიის მიერ გაჩანაგებული არც ტყე და არც მიწა არ გვინახავს. ისეთი ფართობის მიწაზეა საუბარი, რომ შეუძლებელია ეს იყოს დანაკლისი ვთქვათ, სოფლის მეურნეობისთვის ან საზოგადოებისთვის. აქ კრიტიკის აზრი მხოლოდ ერთადერთია – ეკლესიაზე, იგივე სახელმწიფოს ერთ- ერთ ისტორიულ ბურჯზე შეტევა, რაც არის ჩვენი ოპონენტების სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება. ეკლესიას ამ კანონით არანაირი პრივილეგია არ ეძლევა,”- განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის: “ტყის კოდექსში” ცვლილებების პროექტი პარლამენტმა დღეს მესამე მოსმენით დაამტკიცა.

ცვლილებების მიხედვით, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთრებაში შეიძლება გადაეცეს ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყის ფართობი, არაუმეტეს 20 ჰა თითოეულის შემთხვევაში და საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრული მიჩენილი ტერიტორიები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად