გია ვოლსკი: სახელმწიფო ეცდება დაიცვას მათი უსაფრთხოება, ვინც კარვებშია და იმ ადამიანებისაც, ვინც მათ მიმართ აგრესიულად არის განწყობილი

პარლამენტის პირველი ვიცე სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, სახელმწიფო ეცდება, გამოხატვის უფლება იყოს დაცული და ასევე, დაცული იყოს იმ ადამიანების უსაფრთხოება, ვინც კარვებში არიან და მათი უსაფრთხოებაც, ვინც კარვებში მყოფთა მიმართ აგრესიულად არის განწყობილი.

ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან პარლამენტის წინ კარვების გაშლის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, მსგავსი პროტესტის სტრატეგიული მიმართულებაა სახელმწიფო სტრუქტურებსა და საზოგადოებაში არეულობის გამოწვევა და სახელმწიფოს მოვალეობაა ამის პერსპექტივა არ დაუშვას.

„არსებობს კანონი, არსებობს რეალობა, რასაც დემოკრატიული ქვეყნისთვის დამახასიათებელი გარკვეული ნიშნები ჰქვია, თუნდაც უშველებელი რაოდენობა ადამიანებისა გამოხატავს თავის უკმაყოფილებას იმ დისკომფორტით, რაც შეიძლება კარვების ამ რაოდენობის გაშლამ გამოიწვიოს, მაგრამ სახელმწიფო ეცდება რომ გამოხატვის უფლება იყოს დაცული და ასევე დაცული იყოს უსაფრთხოება იმ ადამიანების, ვინც კარვებშია და იმ ადამიანების უსაფრთხოებაც, ვინც ამათ მიმართ აგრესიულად არის განწყობილი.

სახელმწიფოს მოვალეობაა, არ აჰყვეს ამ მთავარ სტრატეგიულ მიმართულებას, რომ იქნებ, როგორმე ჯახი გამოიწვიონ არამარტო სახელმწიფო სტრუქტურებთან, არამედ საზოგადოებების წარმომადგენლებს შორის მოხდეს დაპირისპირება და რასაკვირველია, ამას პერსპექტივა გააჩნია, თუკი სახელმწიფო არ იმოქმედებს საკმაოდ ჩამოყალიბებულად და დაგეგმილი სტრატეგიით“, – განაცხადა ვოლსკიმ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...