გია ვოლსკი: პირველად ვხედავ პოლიტიკოსებს, რომლებიც მიტინგებს აწყობენ, რომ ტერიტორია ეკუთვნის აზერბაიჯანს და არა საქართველოს

 „პირველად ვხედავ ადვოკატებს, პოლიტიკოსებს, რომლებიც ასე გააფთრებით იბრძვიან და მიტინგებს აწყობენ იმის თაობაზე, რომ ტერიტორია ეკუთვნის აზერბაიჯანს და არა საქართველოს“.

ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა. 

მისი განმარტებით, არავის აქვს უფლება, მათ შორის არც პროკურატურას, რომ პოლიტიკური მოსაზრებებით საკითხის განხილვა და შესწავლა გადადონ, განსაკუთრებით, თუ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თემაა.

„პირველად ვხედავ ადვოკატებს, პოლიტიკოსებს, რომლებიც ასე გააფთრებით იბრძვიან და მიტინგებს აწყობენ იმის თაობაზე, რომ ტერიტორია ეკუთვნის აზერბაიჯანს და არა საქართველოს. ეს არის გასაოცარი და ასეთი გააფთრება სწორედ გამოწვეულია იმისაგან, რასაც წინასაარჩევნო პერიოდი ჰქვია. სახელმწიფო უნდა იცავდეს თავის თავს და უნდა იცავდეს საკუთარ ინტერესებს და არა კონკრეტული რომელიმე ადამიანის ან პოლიტიკური ჯგუფის ინტერესს. ეს არის აქსიომა და გარდა ამისა, კიდევ ერთხელ მინდა გამოვთქვა მწუხარება იმის გამო, რომ ამ დარღვევაში კონკრეტული ადამიანები მონაწილეობდნენ და შესაძლოა მათ განსასჯელის სკამიდან სასჯელაღსრულების სისტემაში გადაინაცვლონ. ეს არის სამწუხარო ამბავი და უნდა დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას და არა რომელიმე პოლიტიკოსის განცხადებას“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივერი მელაშვილი და შს სამინისტროს თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა და წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

დაკავებულებს ბრალად ედებათ საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ მიმართული ქმედება.

დაკავებულები მათთვის წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად