გია ვოლსკი: ოქრუაშვილს აქვს არაჯანსაღი ვითარებით გამოწვეული არაჯანსაღი ვალდებულებები

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ ყოფილ თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს რაღაც ვალდებულება გააჩნია კონკრეტული ადამიანების წინაშე და ეს არის არაჯანსაღი ვალდებულებები, არაჯანსაღი სიტუაციით გამოწვეული.

“წარმოიდგინეთ, რა ვალდებულება უნდა ჰქონდეს მას კონკრეტული პირების, ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, “ნაციონალური მოძრაობის” მიმართ, რომლებმაც ჯერ საკმაოდ სერიოზული ბრალდებებით დააკავეს, შემდეგ გაუგებარი მიზეზებით გაუშვეს და ახლა იგივე პიროვნება გვიმტკიცებს, რომ ათეულობით მილიონი დოლარის რესურსებს ფლობდა იმისათვის, რათა ტელევიზია შეეძინა.

რასაკვირველია, ამაში სასამართლომ შეიძლება ეჭვი შეიტანოს და არ დააყადაღოს მისი მოთხოვნით კონკრეტული ქონება. ამასთანავე, როგორც ვიცი, ქიბარ ხალვაშის მხარესაც შეტანილი აქვს საჩივარი ამასთან დაკავშირებით”- განაცხადა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ოქრუაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ 2014 წელს, როდესაც გორში იყრიდა კენჭს, დავით უსუფაშვილის შუამავლობით მას და ბიძინა ივანიშვილს შორის “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით პროკურატურასთან მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუმარტა, რომ არსებობს აქსიომა, რომ უნდა იმსჯელო შედეგების მიხედვით.

“ოქრუაშვილი აცხადებს, რომ ფლობდა მილიონებს, იყო ამავე დროს სახელმწიფო მოხელე, რომ აფინანსებდა ანტისამთავრობო გამოსვლებს. ფაქტია ისიც, რომ დაიჭირეს, ფაქტია ისიც, რომ გაათავისუფლეს და ფაქტია ისიც, რომ წლების განმავლობაში, იგი საკმაოდ წარმატებულად ცხოვრობს და მოძრაობს საზღვარგარეთ. ამასთან დაკავშირებით, კითხვები ალბათ, უფრო მეტად მთავარია, ვიდრე ის, რას ცუღლუტობს ირაკლი ოქრუაშვილი.

საერთოდ, ადამიანი, რომელიც პიარულად თუ მორალურად ესოდენ დაიზიანებს თავს, უნდა შეგეპაროთ ეჭვი, რომ მას რაღაც ვალდებულება გააჩნია კონკრეტული ადამიანების წინაშე და ეს არის არაჯანსაღი ვალდებულებები, არაჯანსაღი ვითარებით გამოწვეული. ამის გარდა, ეჭვები უნდა გაგიჩინოთ ბევრმა რამემ, რასაც ოქრუაშვილი ამბობს” – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...