გია ვოლსკი: NDI-ის კვლევას საზოგადოებაში საკმაოდ წახდენილი იმიჯი აქვს

ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი ჟურნალისტებთან საუბრისას NDI-ის კვლევის შედეგების პოლიტიკურ ნაწილს.

ამასთან, გია ვოლსკი ეთანხმება პარლამენტთან დაკავშირებით დაბალ რეიტინგს და აცხადებს, რომ მან ამის შესახებ NDI-ის გარეშეც იცის.

„მთლიანობაში, ყველანაირი სტატისტიკური მონაცემი მეტყველებს იმაზე, რომ პოზიტიური განვითარების ტენდენციები თვალსაჩინოა. რასაკვირველია, 20 ივნისის მერე ჩატარებულმა გამოკითხვებმა გარკვეული ფსიქოლოგიური მომენტიც შემოიტანა, მაგრამ მთლიანობაში მანიპულაციაა გარკვეული ციფრებით. მთლიანად ამ კვლევას საზოგადოებაში საკმაოდ წახდენილი აქვს იმიჯი. 2012 წლიდან მოყოლებული, დაახლოებით ორმაგი და სამმაგი აცდენებია კვლევის შედეგებსა და არჩევნების შედეგებს შორის. აქ დამატებითი სათქმელი არაფერი მაქვს, მაგრამ რაც შეეხება პარლამენტის რეიტინგს, მე ამას ვეთანხმები და არ მჭირდება NDI-მ რომ ვთქვა, პარლამენტის საქმიანობის ცნობადობა საზოგადოებაში ძალიან დაბალია. მეც ვხვდები ხალხს და ეს ვიცი NDI-ის გარეშე. კანონების საკითხზე თუ შეეკითხები ხალხს, თუნდაც მიწის კანონზე, რაზეც ასეთი აჟიოტაჟი იყო, ვერავინ დაგისახელებს. ძირითადად ახსოვთ დეპუტატების შეხლა-შემოხლა, რაც მთლიანობაში პარლამენტისთვის დადებითად დამახასიათებელი არ არის. რეალურად, მე ვფიქრობ, პარლამენტის დაბალი შეფასება გამოწვეულია იმით, რომ მისი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება დაბალ დონეზეა. პირველ რიგში, ეს ჩვენ მოგვეთხოვება, თუმცა მოეთხოვება, ასევე მედიასაც,“ – განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ: „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა“ (NDI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, „ქართულ ოცნებას“ ხმას მისცემდა 20%, „ნაციონალურ მოძრაობას“ – 9 პროცენტი, „ევროპულ საქართველოსა და „პატრიოტთა ალიანსს“ – 4 პროცენტი.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად