გია ვოლსკი მოსამართლეთა შესარჩევ პროცესზე: მთავარია შედეგი ხარისხიანი იყოს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენ კანდიდატების მოსმენის პროცესის დაჩქარება არ უნდა მოხდეს.

“ჩვენ არ გვინდა პროცესები დავაჩქაროთ. ყველა პარამეტრი უნდა იყოს სრულიად ამოწურული ამ ინსტანციაში და შემდგომში, პარლამენტისთვის განხილვებს არ უნდა ჰქონდეს რაიმე დაჩქარებული, ან სისწრაფეზე აგებული ხასიათი. ეფექტურობა მდგომარეობს იმაში, რომ მაქსიმალურად დიდი რაოდენობის კითხვები უნდა იყოს, პასუხები უნდა იყოს ისეთი, რომელსაც საზოგადოება გაიგებს, რადგან ნდობის ხარისხი მხოლოდ აქედან შეიძლება შეიქმნას. სექტემბერში დასრულდება თუ ოქტომბრის გარკვეულ ნაწილსაც მოითხოვს, მთავარია შედეგი იყოს ხარისხიანი” -განაცხადა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.

როგორც გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პარლამენტის თავმჯდომარესთან ბიუროს შემადგენლობის უმრავლესობის დახურული შეხვედრა გაიმართა, სადაც საუბარი შეეხო ყველა იმ საკითხს, რომელიც პარლამენტში სექტემბრიდან განსახილველად არის დაგეგმილი.

“თითოეულ საკითხზე უნდა გვქონდეს წარმოდგენა, საითკენ მივდივართ და რა გვჭირდება. ანგარიშებია მოსასმენი, მათ შორის მთავრობის ანგარიში. ვითარება გარკვეულწილად გამოწვევებს შეიცავს და გამოწვევებზე პასუხებია საჭირო. სახალხო დამცველის ანგარიშია მოსასმენი, აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის ანგარიშია მოსასმენი და ყველა მზად უნდა ვიყოთ. ამ განხილვებს უნდა ჰქონდეს მაქსიმალურად სერიოზული და შედეგზე ორიენტირებული ხასიათი”-თქვა უმრავლესობის ლიდერმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად