გია ვოლსკი: როგორ გგონიათ, დღეს თუ შეაჯამებს და ვადებს დაიცავს ცესკო, წერტილი დაესმება და კრება დარჩება მხიარული?

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გია ვოლსკის შეფასებით, ლევან თარხნიშვილმა და ხათუნა გოგორიშვილმა გაყალბების მექანიზმები უკეთ იციან.

ამის შესახებ გია ვოლსკიმ ცესკოში საჩივრების განხილვის დროს განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით ტვ “რუსთავი 2”-ში ჩართვისას განაცხადა.

“გასაჩივრების ვადები 19-ში მთავრდება, ამასთან დაკავშირებით არის სასამართლო, მიმდინარეობს მოლაპარაკებები, სერიოზული პოლიტიკური ფორმატია შექმილი მოლაპარაკებების. როგორ გგონიათ, რომ დღეს თუ შეაჯამებს და ვადებს დაიცავს ცესკო, ამით დამთავრდება ყველაფერი, წერტილი დაესმება და კრება დარჩება მხიარული? არის სასამართლო, სასამართლოს გადაწყვეტილებები…

თან ვინ აპროტესტებს შეხედეთ რა, გაყალბების მსოფლიო ჩემპიონატი რომ ტარდებოდეს, თარხნიშვილი აჯობებდა თუ გოგორიშვილი, არავინ არ იცის. ყოველ შემთხვევაში, პირველ-მეორე ადგილზე ესენი გავიდნენ. ესენი გაყალბებაზე საუბრობენ, მაგრამ რეალურად შეიძლება ისაუბრონ, იმიტომ რომ ამათმა უკეთ იციან მექანიზმები, როგორ ყალბდება, მაგრამ როცა დაუდეს წინ ციფრები, მათ შორის, საერთაშორისო უფლებამოსილმა სტრუქტურებმა, მიხვდნენ რომ არაფერი ხელში არ უჭირავთ. ამიტომ, უნდა ატეხონ აყალ-მაყალი,“ – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კითხვაზე, ცესკოში განვითარებული მოვლენები იქონიებს თუ არა ნეგატიურ გავლენას მოლაპარაკებებზე, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ დღეს განვითარებული მოვლენები პოლიტიკურ მიზანს ემსახურება.

“ვითარება როდესაც იძაბება და გადაძაბვა მიდის ისეთი სახით, როგორიც დღეს გოგორიშვილ-თარხნიშვილებმა ჩაატარეს, ეს რასაკვირველია, ემსახურება პოლიტიკურ მიზანს, რომ მოლაპარაკების დროს გადარეული მხარის პოზიციები იყოს მეტად გათვალისწინებული და ფსიქოლოგიური ზეგავლენა მოახდინონ ჩართულ ადამიანებზე,“ – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად