გია ვოლსკი: ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით გამოძიებას ჯერჯერობით ვერ მივედავებით

„არც ერთი თემა, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ არის, არ არის მხოლოდ ოჯახის და ჭირისუფლის ინტერესში, რომ პასუხი გაეცეს. საზოგადოებას აინტერესებს ამ კითხვებზე პასუხი. გამოძიებას ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით ვერ მივედავებით იმიტომ, რომ კონკრეტული განცხადებები არ გაუკეთებია და რაიმე შედეგებზე ჯერჯერობით არ გავსულვართ“.

ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, კითხვები ბევრია და ამ კითხვებზე პასუხს კომპეტენტური გამოძიება გასცემს.

„დანარჩენი, ყველა პოლიტიკური ინსინუაცია, რასაკვირველია, გამოძიებასაც უშლის ხელს და იმ მიმართულებას ემსახურება, რასაც ჰქვია დესტრუქცია, სტრესული ატმოსფეროს შექმნა და როგორმე დესტაბილიზაციის მიღწევა წინა საარჩევნო პერიოდში ჰქვია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს.

საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

29 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის საქმე, შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, თბილისის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა.

ცნობისთვის, დღეს თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებმა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან აქცია გამართეს, სადაც ელჩთან შეხვედრა და გამოძიების პროცესში ამერიკელი სპეციალისტების ჩართვა მოითხოვეს.

თამარ ბაჩალიაშვილის დედის თქმით, მას საელჩოში უთხრეს, რომ FBI-ის გამოძიებაში დახმარების თხოვნით ქართულმა მხარემ უნდა მიმართოს. თეონა თამაზაშვილი ამბობს, რომ თუ საქართველო ამას არ იზამს, ის შიმშილობას დაიწყებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად