გია ვოლსკი აშშ- ის კონგრესის კანონპროექტზე: ოპოზიციის სამწუხაროდ, არის სიცრუე, „ფრონტერას“ ხელწერაც იგრძნობა

„ოპოზიცია აღიქვამს კონგრესის კანონპროექტს გამარჯვებად. ეს, ოპოზიციის სამწუხაროდ არის სიცრუე. როცა ჩვენ ამ ხნის განმავლობაში ვმუშაობთ ნატოსთან ინტეგრაციის, ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობის ხარისხის გაზრდაზე, ჩვენი ოპონენტები მუშაობენ, რომ იქნებ ზიანი მიადგეს ჩვენს ქვეყანას და დახმარება და პოლიტიკური თანადგომა შეუმცირდეს“.

ასე ეხმაურება  პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის კანონპროექტს.

გია ვოლსკის თქმით, კანონპროექტის კონგრესის მიერ მოწონების პერსპექტივა პრაქტიკულად არ არსებობს და სახელმწიფოს არანაირი ზარალი არ მიადგება, მიუხედავად ოპონენტების ინტენსიური ბრძოლისა.

„ფრონტერას“ ხელწერაც იგრძნობა. პირველი, „ფრონტერას“ და საქართველოს კორპორაციას შორის დავა სტოკჰოლმის საერთაშორისო არბიტრაჟმა განიხილა და აღიარა, რომ „ფრონტერა“ ამ შეთხვევაში მართალი არ არის და რასაკვირველია, ამერიკის შეერთებული შტატების ინვესტიციებზეც შეზღუდვაზეც არაფერი საუბარი არ არის, მით უმეტეს, რომ აგერ ოპეკი, სახელმწიფო დაწესებულება საკმაოდ სერიოზულ, მრავალმილიონიან ინვესტიციას აკეთებს საქართველოში და ეს ინვესტიცია ახლა მიმდინარეობს – ეს ერთი. მეორე, არის კონგრესმენების ჯგუფი, რომელიც ცნობილია ჩვენთვის და მათ მოამზადეს კანონპროექტი, რომელიც გამოქვეყნდა. ჯერ კომიტეტში უნდა განიხილონ, შემდეგ სხვა კომიტეტებში და შემდეგ მთლიანად კონგრესმა უნდა მოიწონოს, რის პერსპექტივაც პრაქტიკულად არ არსებობს, ასე რომ, ჩვენი ოპონენტები მინდა დავამშვიდო, რომ სახელმწიფოს არ მიადგება არანაირი ზარალი, თუნდაც ასეთი ინტენსიური, გააფთრებული ბრძოლის მიუხედავად“,- განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისათვის, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების 15 %-ს აჩერებს მანამ, სანამ საქართველოს მთავრობა შესაბამის ნაბიჯებს არ გადადგამს დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებისკენ, კორუფციის ბრძოლისკენ და უზრუნველყოფს კერძო სექტორში კანონის უზენაესობას.

წარმომადგენელთა პალატის საბიუჯეტო კომიტეტის გადაწყვეტილებით, 132-მილიონიანი  დახმარება შემცირდება იქამდე, სანამ სახელმწიფო მდივნის მიერ არ დადგინდება, რომ  საქართველოს ხელისუფლება  დგამს შემდეგ ნაბიჯებს, რათა

1. განამტკიცოს დემოკრატიული ინსტიტუტები;

2.  ებრძოლოს კორუფციას;

3. დაიცვას კანონის უზენაესობა კერძო სექტორთან მიმართებაში, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, ასევე უზრუნველყოს უცხოური ბიზნესის უფლებების და მათი შევიწროვებისაგან დაცვა, რათა მათ სრულად მიიღონ კომერციული და ფინანსური სარგებლი, რასაც  საქართველოში განხორციელებული ინვესტიციები მოუტანს.

ამასთან, კანონპროექტის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ეს არ შეეხება დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სამოქალაქო და მედიის მხარდამჭერ პროგრამებს, ასევე გენდერული ნიშნით ძალადობის შემცირებისკენ და მოწყვლადი ჯგუფების დაცვისაკენ მიმართულ პროგრამებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად