გია ვოლსკი: არჩევნები სერიოზული ინდიკატორი იყო იმის, რაც დღეს პარლამენტში მოხდა

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკი შეფასებით, არჩევნები იმის სერიოზული ინდიკატორი იყო, რაც დღეს საქართველოს პარლამენტში მოხდა. ამის შესახებ გია ვოლსკიმ „ევროპული საქართველოს“ წევრ გიგა ბოკერიასთან დაპირისპირების შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა.

“საზოგადოება ერთმანეთის მიმართ პოლიტიკური განსხვავების მიხედვით გაცილებით უფრო ლოიალურია, ვიდრე პოლიტიკოსები. საკმაოდ საინტერესო და ობიექტური შეჯამება იყო, მაგრამ ამავე დროს განპირობებული იყო აუცილებლობით, რომ პასუხი გასცემოდა იმ უკმეხ გამოსვლას, რომელიც ჩვენს ოპონენტს ჰქონდა. პარლამენტია და ასეთი რაღაცები ხდება ხოლმე. ვფიქრობ, ბოკერიას იმ წუთში გამოსვლა და საქციელი ზუსტად დავახასიათე, რომელიც არა თუ ეთიკურ, არამედ ყოველგვარ ფარგლებს სცდება. სამწუხაროა, რომ ასე თქმა მომიწია, თუმცა ფაქტია, რომ დიდი სიბრაზე, ან ნერვების აშლა ამასთან დაკავშირებით არ მქონია. ვფიქრობ, არჩევნები სერიოზული ინდიკატორი იყო იმის, რაც დღეს პარლამენტში მოხდა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კითხვაზე, რამდენად რეალურია პარლამენტში დღევანდელი დაპირისპირების საკითხის ეთიკის საბჭოზე განხილვა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ ეთიკის საბჭოში არანაირი მიმართვა არ გააჩნია.

“ეთიკის საბჭო თუ გადაწყვეტს, რომ ამის იქით რამე ოფიციალური გამოსვლები კიდევ არსებობს, რაც არ უნდა ხდებოდეს პარლამენტში, ამ თემაზე იმსჯელებს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის დღევანდელ პლენალურ სხდომაზე ვიცე-სპიკერ გია ვოლკისა და “ევროპული საქართველოს” წევრ გიგა ბოკერიას შორის დაპირისპირება მოხდა.

დაპირისპირება ბოკერიას განცხადებას მოჰყვა, განაცხადა, რომ გია ვოლსკი ცეკა-ს ყოფილი ინსტრუქტორია, კარლო კოპალიანი გორკის პარტიულ სკოლაში სწავლობდა 9 აპრილის შემდეგ, გუგული მაღრაძე კი, პარტკომი იყო.

გიგა ბოკერიას გია ვოლსკიმ უპასუხა, რომ ადამიანებს, ყავარჯნებით არ გაუუპატიურებიათ მამაკაცი, არ მოუკლავთ ქუჩაში ახალგაზრდა და არ უწამებიათ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზაზა პაპუაშვილმა „ევროპული საქართველოს“ წევრ გიგა ბოკერიას ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...