გია ვოლსკი: არ მიმაჩნია, რომ რ2  კრიტიკული  ტელევიზიაა, ის პარტიული ტელევიზიაა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ რ 2-ის იმ თანამშრომლებმა, რომლებმაც დატოვეს პოსტები, უნდა აღიარონ, რომ მათი მთავარი მიზანი იყო ამ კომპანიის წინაღმდეგ ნიკა გვარამიას ბრძოლაში მონაწილეობა.

ამის შესახებ გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს ტელეკომპანია “რუსთავი 2” -ში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას განუცხადა.

“კონკრეტულმა ადამიანებმა, მათ შორის კომპანიის ყოფილმა გენდირექტორმა გამოაცხადეს, რომ იბრძოლებენ და მათი მთავარი მიზანი იქნება რ2-ის დანგრევა. ადამიანები, რომლებიც ჯერ კიდევ სამი დღის წინ რჩებოდნენ თავის პოსტებზე, განაცხადეს, რომ ამ ბრძოლაში მიყვებიან გენერალურ მდივანს. არცერთი დაწესებულება, არც კომპანია, არ დაუშვებს იმას, რომ საკუთარი, მითუმეტეს, საკვანძო პოსტებზე მყოფი თანამშრომლები ღიად აცხადებდნენ, რომ კომპანიის დანგრევაში მიიღებენ მონაწილეობას. აქ რ2-ის კრიტიკულობა არაფერ შუაშია და საერთოდ, არ მიმაჩნია, რომ რ2  კრიტიკული  ტელევიზიაა, ის პარტიული ტელევიზიაა. რ2-ის იმ თანამშრომლებმა, რომლებმაც დატოვეს პოსტები, რასაკვირველია, ისიც უნდა აღიარონ, რომ მათი მთავარი მიზანი იყო რ2-ზე გალაშქრება და მის წინააღმდეგ გვარამიას ბრძლაში მონაწილეობა” -განაცხადა გია ვოლსკიმ.

 

შეგახსენებთ: ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო გადაცემა „კურიერი“ დღეს ეთერში არ გასულა. 9-საათიანი „კურიერის“ წამყვანებმა დიანა ჯოჯუამ და მიშა სესიაშვილმა გუშინ სამსახური პირდაპირ ეთერში დატოვეს. ტელევიზიიდან წავიდა წამყვანი პაატა იაკობაშვილიც.

ამ ფაქტს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მფლობელი ქიბარ ხალვაში გამოეხმაურა: „რაც მოხდა სიურპრიზი არ იყო, მაგრამ მაინც არ არის სასიამოვნო. ყველაფერი კარგად იქნება“, – დაწერა მან Facebook-ზე.

წინასწარი ინფორმაციით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურს ნინო შუბლაძე უხელმძღვანელებს. შესაძლოა, მან არხის საინფორმაციო მიმართულებას ძველებურად დირექტორის მოადგილის სტატუსითაც უხელმძღვანელოს.

მანამდე ტელეკომპანიის რამდენიმე თანამშრომელი:  არიან ნოდარ მელაძე, ნანუკა ჟორჟოლიანი, ეკა კვესიტაძე, გიორგი გაბუნია და გიორგი ლაფერაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის 100%-ანი წილის მფლობელმა ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა 18 ივლისს არხის გენერალურ დირექტორად პაატა სალია დანიშნა, რომელმაც ამ პოზიციაზე ნიკა გვარამია შეცვალა.

17 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ნიკა გვარამიამ ახალი არხი დააფუძნა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...