გია ნოდია: თუ სააკაშვილს ივანიშვილის რეჟიმის დასრულება უნდა, წინასაარჩევნო კამპანიაში რაც შეიძლება ნაკლებად ჩაერთოს

თუ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შედგა კოალიციური მთავრობა „ქართული ოცნების“ გარეშე, მაშინ მისგან სრულიად ბუნებრივი იქნება პრეტენზია ლიდერობაზე ამ კოალიციის შიგნით. პრაქტიკულად ეს ნიშნავს, რომ პრემიერ-მინისტრი უნდა იყოს ან მიხეილ სააკაშვილი ან პიროვნება, ვისზეც სააკაშვილს გადამწყვეტი გავლენა ექნება, – ამის შესახებ პოლიტოლოგია გია ნოდია Facebook-ში წერს.

მისი თქმით, ეს არ ნიშნავს რომ სწორია. პოლიტოლოგი აცხადებს, რომ ამისათვის არსებობს ორი დიდი “თუ”.

“ნაციონალური მოძრაობა” ყველაზე ძლიერი ოპოზიციური პარტიაა. თუ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შედგა კოალიციური მთავრობა „ქართული ოცნების“ გარეშე, მაშინ მისგან სრულიად ბუნებრივი იქნება პრეტენზია ლიდერობაზე ამ კოალიციის შიგნით. პრაქტიკულად ეს ნიშნავს, რომ პრემიერ-მინისტრი უნდა იყოს ან მიხეილ სააკაშვილი ან პიროვნება, ვისზეც სააკაშვილს გადამწყვეტი გავლენა ექნება.

ეს სრულიად ლოგიკურია. მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ სწორია.

უნდა გვახსოვდეს, რომ გვაქვს ორი დიდი „თუ“. იმისთვის, რომ ასეთი კოალიცია შედგეს, უნდა დაკმაყოფილდეს ორი პირობა: (1) ოპოზიციურმა პარტიებმა ჯამში მეტი მანდატი მოიპოვონ, ვიდრე „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა სატელიტებმა; (2) ამ პარტიებმა უპირატესობა მიანიჭონ კოალიციას, სადაც მთავარი მოთამაშე „ნაციონალური მოძრაობაა“, იმის მაგივრად, რომ კოალიციაში „ქართულ ოცნებასთან“ შევიდეს. ანუ, თუნდაც თუ შესრულდა (1), ეს ჯერ კიდევ არ არის გარანტია, რომ შესრულდება (2). ასეთია მოცემულობა.

ახლა დავსვათ ასეთი შეკითხვა: მოლოდინი, რომ „ოცნების“ დამარცხების შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრი იქნება მიხეილ სააკაშვილი ან ფიგურა, ვისაც ის გააკონტროლებს (ან ვისზეც იფიქრებენ, რომ მისგან კონტროლირებადია), აძლიერებს თუ ამცირებს იმის შანსებს, რომ შესრულდეს ჯერ პირობა (1), მერე კი პირობა (2)?

მე მგონი, ის ორივე პირობის შესრულებაზე ნეგატიურად იმოქმედებს. „ოცნების“ ყველა წინასაარჩევნო კამპანია იმ გზავნილზეა აგებული, რომ ის ერთადერთი ძალაა, ვინც „ნაცების დაბრუნებას“ უდგას წინ. რაღაც ზომით ეს გზავნილი მუშაობს. წარმოდგენა, რომ „ოცნების“ დამარცხება ნიშნავს ისეთი მთავრობის მოსვლას, რომელიც, ფაქტიურად, „ნაცებისა“ იქნება, გაადვილებს ამ გზავნილის ამჯერადაც გაყიდვას.

რაც შეეხება მეორე პირობას. თუ „ოცნება“ და მისი სატელიტები მანდატების უმრავლესობას ვერ მოიპოვებენ, ამის შემდეგ დაიწყება დიდი პოლიტიკური ვაჭრობა. ამ ვაჭრობაში ივანიშვილს ყველაზე მეტი ექნება შესათავაზებელი. ეს არ ნიშნავს, რომ ის მოიგებს – პოლიტიკაში ფული ყველაფერს არ ნიშნავს – მაგრამ მის გარეშე კოალიციის შექმნა მარტივი ამოცანა არ უნდა გვეგონოს.

ხოდა, „ნაციონალური მოძრაობის“ (და პირადად სააკაშვილის) თუნდაც დასაბუთებული პრეტენზია, რომ როგორც ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას, მას უბიძინო კოალიციაში უპირობო ლიდერის როლი ეკუთვნის, გაადვილებს თუ გააძნელებს ასეთი კოალიციის შექმნას? თუ პირიქით, ბიძინას გაუადვილებს საქმეს?

სიტუაცია პარადოქსულია. ჩემი აზრით, თუ მიხეილ სააკაშვილისთვის პრიორიტეტულია, რომ საქართველოში ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი დასრულდეს, საუკეთესო რისი გაკეთებაც მას შეუძლია, ისაა, რომ უკრაინაში თავის ამოცანებს მიხედოს და საქართველოს წინასაარჩევნო კამპანიაში რაც შეიძლება ნაკლები მონაწილეობა მიიღოს. კიდევ უკეთესი იქნება თუ ის გაიმეორებს ადრე ნათქვამს, რომ ამ არჩევნების შემდეგ საქართველოში პოლიტიკურ თანამდებობაზე პრეტენზია არ ექნება”, – წერს გია ნოდია Facebook-ში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად