გია ნოდია: შვიდი წლის მანძილზე პირველად გამოჩნდა სინათლე გვირაბის ბოლოს

პოლიტოლოგი გია ნოდია Facebook-ში 2020 წელს არჩევნების სრულიად პროპორციული სისტემით ჩატარებას და უბარიერო სისტემას ეხმაურება, რა გადაწყვეტილებაც მმართველმა პარტიამ მიიღო, თუმცა მას საკონსტიტუციო ცვლილება სჭირდება.

“მოულოდნელი პესიმიზმი გამოიწვია ამ უბარიერობის იდეამ. ვეთანხმები, რომ გოთვერნული ჩანაფიქრია: დაქსაქსოს ოპოზიცია, წაახალისოს პუსტა-პუსტა პარტიები, რომელთა დეპუტატებსაც მერე ბიძინა იყიდის (ამ თავიდანვე ბიძინა შექმნის).

მაგრამ ამის იმედად თუ რჩება ბიძინა და მისი ტვინ-ტრესტი, ესეიგი მთლად კარგად არა აქვთ საქმე. პრაქტიკულად უბარიეროა ნიდერლანდების ან ისრაელის პარლამენტი, მაგრამ არაუშავს, ცხოვრობენ. თუნდაც 0.67 პროცენტს, რაც ამ სისტემით ფაქტობრივი ბარიერის გადალახვას სჭირდება, რამდენი პარტია მოიპოვებს? ნახეთ წინა არჩევნების შედეგები. თუნდაც მაგდენის მოპოვება მთლად ხელოვნურ პარტიას მაინც გაუჭირდება.

ამ ახალი სტრატეგიით ოცნება იძულებული გახდა უარი ეთქვა ნარატივზე, რითაც აქამდე იგებდნენ (გარდა მოსყიდვის, დაშინების და გაყალბებისა, რა თქმა უნდა): ან ჩვენ ვართ, ან ნაციონალური მოძრაობა, მეტი არავინ არ არსებობს. ახლა მეორე უკიდურესობაში გადავარდნენ. გაუმართლებს ვითომ ეს ახალი სტრატეგია?

შვიდი წლის მანძილზე პირველად გამოჩნდა სინათლე გვირაბის ბოლოს. ბიძინას ყოვლადბრძენობის და ყოვლისშემძლეობის მითით ისევ ნუ ჩავაბნელებთ აქაურობას”, – წერს გია ნოდია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...