გია ნოდია: მთავრობას სერიოზული უკანდახევა მოუხდა, ოპოზიცია ქებას იმსახურებს

“ამ პირობებში ოპოზიციამ (ვგულისხმობ სხვადასხვა პარტიებს, რომლებიც არჩვნების პროპორციულ ნაწილში ცალ-ცალკე იყრიან კენჭს) ვერ მოიგო და კოალიციური მთავრობის შექმნა ვერ შეძლო, ეს მხოლოდ მისი ბრალი იქნება
-პოლიტოლოგი გია ნოდია ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეულ შეთანხმებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

” ეს შეთანხმება არის ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება, ის უნდა შევირგოთ და განვავითაროთ.

ცხადია, უკეთესი ვარიანტის წარმოდგენაც ადვილად შეგვეძლო. მაგრამ უნდა ამოვიდეთ იქიდან, რა არის შესაძლებელი იმ ვითარებაში, რაშიც ვართ.

ამოსავალი რეალობა არის ის, რომ ნოემბერში მთავრობამ თავისი საზოგადოება თავხედურად გადააგდო და ამ უკანასკნელს არ აღმოაჩნდა საკმარისი რესურსი, ის ამისთვის ადექვატურად დაესაჯა. ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ ისე ჩანდა, რომ მთავრობა შეძლებდა, თავისი გაეტანა. როგორც დავინახეთ, მას სერიოზული უკანდახევა მოუხდა.

ამ გამარჯვების მოპოვებას სხვადასხვა ოპოზიციური ძალის შეთანხმებული, პრინციპული და, ამავე დროს, მოქნილი მოქმედება დასჭირდა. ოპოზიცია ამისთვის ქებას იმსახურებს. მაგრამ გადამწყვეტი აღმოჩნდა ჩვენი დასავლელი პარტნიორების უპრეცედენტო ზეწოლა: მის გარეშე ვერც მოლაპარაკება და ვერც შეთანხმება ვერ შედგებოდა. ამ ეპიზოდმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რამხელა მნიშვნელობა აქვს დასავლეთთან პარტნიორობას ჩვენი ქვეყნის სტაბილური და დემოკრატიული განვითარებისთვის.

კონკრეტულად, ამ შეთანხმებით მიღწეულია ორი რამ: (1) 2020 წლის საარჩევნო პროცესი იქნება ლეგიტიმური არა მხოლოდ ფორმალურად, არამედ შინაარსობრივად; (2) ოპოზიციას ექნება გამარჯვების სრულიად რეალისტური შანსი.

ეს არ ნიშნავს, რომ სრულიად სამართლიან არჩევნებს უნდა ველოდოთ: ასეთი რამ საქართველოში არასოდეს მომხდარა. სავარაუდოდ, ივანიშვილის რეჟიმი გამოიყენებს ზეწოლის და მოსყიდვის ჩვეულ ხერხებს. ეს მას მისცემს ფორას, მაგრამ ეს ფორა გადამწყეტი არ უნდა იყოს. თუ ამ პირობებში ოპოზიციამ (ვგულისხმობ სხვადასხვა პარტიებს, რომლებიც არჩვნების პროპორციულ ნაწილში ცალ-ცალკე იყრიან კენჭს) ვერ მოიგო და კოალიციური მთავრობის შექმნა ვერ შეძლო, ეს მხოლოდ მისი ბრალი იქნება.”-წერს გია ნოდია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად