გია ნოდია: ამოცანად რჩება, “იმედმა” რატომ არ დადო ეგზიტპოლები დროზე

პოლიტოლოგი გია ნოდია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

"კი ვინარჩუნებდი ბოლომდე მეორე ტურის იმედს, მაგრამ რაც გვაქვს, სრულიად ლოგიკურია.

როცა მონაწილეობის დონე დაბალია, მოდის ის, ვისაც უფრო კარგად ამობილიზებენ. ამაში კი ხელისუფლებას ვერავინ აჯობებს.

ქართული პოლიტიკური კულტურის პირობებში, ხელისუფლების დამარცხებას, ან მისთვის სერიოზული კონკურენციის გაწევას სჭირდება: (1) ძალიან დიდი უარყოფითი მუხტის დაგროვება ხალხში, რაც ჯერჯერობით არ გვაქვს; (2) ძლიერი ოპოზიციური ორგანიზაცია თავისი პოპულარული ლიდერით – არც ეს გვაქვს.

ამ არჩევნებზე იყო განწირულობის სულისკვეთება – კალაძე და მთლიანად „ოცნება“ გაიმარჯვებს, ყველაზე დიდი ინტრიგა ისაა, იქნება თუ არა თბილისში მეორე ტური. ამ განწყობით ოპოზიციური ელექტორატის მობილიზება შეუძლებელია.

რაც ნიუსფიდზე ვნახე, ყველაზე გულუბრყვილო კომენტარები იყო: „ჩემს გარშემო ყველამ ალეკოს მისცა ხმა, ესე იგი რუსთავი2-ის ეგზიტ-პოლი ტყუილია“ (და საერთოდ ხელისუფლება გაურიგდა რუსთავი2-ს, რომ „ჩვენი ალეკო“ შეავიწროვონ). 1990-ში რომ ზვიადმა მოიგო და ბლოკმა „თავისუფლებამ“ ბარიერი ვერ გადალახა, იმის შემდეგ მესმის ეს ლაპარაკი (მაშინ ეს „ჩემს გარშემო ყველა“ ბლოკ „თავისუფლებას“ აძლევდა, სადაც იმდროინდელი „პრაძვინუტი“ ხალხი ერთიანდებოდა). უნდა ვისწავლოთ, რომ „ჩემს გარშემო ყველა“ სისულელე და ილუზიაა. კონკრეტულად ელისაშვილმა და მისმა სასტავმა უნდა ისწავლონ, რომ მხოლოდ სასტავით არჩევნებს ვერ მოიგებ, საჭიროა სერიოზული ორგანიზაცია, ანუ პარტია.

ასევე გულუბრყვილობაა და თავის მოტყუებაა ყვირილი, რომ საშინელი უსამართლობა მოხდა და „არჩევნების შედეგები ხალხის აზრს არ ასახავს“. ზოგადად სამართლიანი გარემო რომ არა გვაქვს, როგორ არ ვიცით, ისევე როგორც ის, რომ დღესაც ნორმალური დემოკრატიისთვის შეუფერებელი დარღვევები იყო. მაგრამ ამ არჩევნებზე ეს შედეგი დაიდო და არსებითად ვერ შეედავები (დეტალებზე შეგიძლია, ედავო). ცესკომ შეიძლება კიდევ უარესი დადოს. იგივე ეხება 2016 წლის არჩევნებს: რაც არ უნდა „მიტყდებოდეს“, მაშინდელმა ოფიციალურმა შედეგებმაც არსებითად ასახა ხალხის განწყობა იმ მოცემულ მომენტში. არჩევნებს იგებს "შეჩვეული ჭირი".

შედარებით საინტერესოა ნაცმოძრაობის ორი ნაწილის შედეგები. როგორც ადრინდელი გამოკითხვებმაც აჩვენა და დღევანდელმა შედეგებმა დაადასტურა, „ნაციონალების“ ამომრჩეველი გაიყო დაახლოებით 2:1-ზე ერთგული მიშისტების სასარგებლოდ. ესე იგი, იმედები (არ დავაზუსტებ, ვისი), რომ ევროპული საქართველო „რადარებიდან გაქრება“, არ გამართლდა.

ყოველივე ამის შემდეგ ყველაზე დიდ გამოცანად რჩება, „იმედმა“ რატომ არ დადო ეგზიტ-პოლები დროზე. მათი შედეგი თუ უშუალოდ არჩევნების შემდეგ არ გამოაცხადე, რა აზრი აქვს? ამის გარდა, დანარჩენი ყველაფერი ვიცით", – წერს პოლიტოლოგი.

შეგახსენებთ, დღეს, 21 ოქტომბერს საქართველოში თვითმართველობის არჩევნები ჩატარდა. საარჩევნო უბნები 08:00 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურა. ამ დროისთვის ცესკო-ს არ გამოუქვეყნებია პირველადი შედეგები, თუმცა "რუსთავი 2"-ის ეგზიტპოლის მონაცემებით: კალაძე – 54 %, უდუმაშვილი – 15 %, ელისაშვილი – 14 %

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...