გია მურღულია: ბევრი არაფერი ვიცი დაფიქრებულ ბავშვზე უკეთესი სახილველი

5 ოქტომბერს მასწავლებლის დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით ფილოლოგიის დოქტორი გია მურღულია საკუთარი გამოცდილებისა და შეხედულების შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს:

“მე მასწავლებელი ვარ და 5 ოქტომბერი ჩემი დღეა. ყოველი სხვა დღეც ასეთია, რადგან მეც მუდმივად ასეთი ვარ. ლიტერატურას ვასწავლი ბავშვებს. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ ფიქრებს, გრძნობებსა და განწყობებს ვეხები. მიყვარს ისინი – როგორ კითხულობენ, წერენ, მესაუბრებიან, იმზირებიან, კამათობენ, იცინიან…მათსავით ვერავინ აცოცხლებს წიგნებს, რომლებიც ჩვენს ცხოვრებას ცვლიან.

ბევრი არაფერი ვიცი დაფიქრებულ ბავშვზე უკეთესი სახილველი. მასთან ერთად მთელი სამყაროც ფიქრობს და ცოტა მაინც უკეთესი ხდება. მეც ვხარობ ამ დროს – განა მასწავლებელი არ არის ის, ვინც ცოდნასა და ზნეობას ინახავს და ახალ თაობას შესაძლებლობას აძლევს მათ ეზიაროს?

ახლა ამბობენ, რომ მალე მასწავლებელი საჭირო საერთოდ არ იქნება და ყველა თვითონ განვითარდება. ტყუილია – ადამიანისთვის მეორე ადამიანს ვერაფერი შეცვლის.

თითქმის 40 წელიწადია ბავშვებს ვასწავლი. ბევრი მათგანი კარგად მახსოვს. არ მიყვარს პათეტიკა, მაგრამ ამჯერად ვიტყვი – ისინი ჩემი ცხოვრების სიყვარულები არიან. ყოველ მათგანს თავისი ადგილი აქვს ჩემს გულსა და გონებაში.

მასწავლებლის დღე მათი დღეც არის.

ჩვენ ერთნი ვართ, ერთად ვართ და ერთ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებთ.

ყველა კარგ და გონიერ მასწავლებელს ვულოცავ ამ დღეს.

უთქვენოდ ეს ქვეყანა (და, ვინ იცის – ისიც) უინტერესო და ბევრად უარესი იქნებოდა.

თქვენ მთავარი ადამიანები ხართ.

მხნედ და იმედიანად იყავით და ყოველდღე აჩვენეთ ადამიანებს, რას ნიშნავს სიკეთისთვის განვითარება – მალე ახალი გაკვეთილი დაიწყება”-წერს გია მურღულია.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად