გია ხუხაშვილი: შეთანხმება შესაძლებელია მაშინ, როცა ორივე მხარეს ეძლევა უკან დახევის საშუალება, ისე რომ სახე არ დაკარგოს

შეთანხმება შესაძლებელია მაშინ, როცა ორივე მხარეს ეძლევა უკან დახევის საშუალება, ისე რომ სახე არ დაკარგოს, – ამის შესახებ პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი Facebook-ში წერს:

“შეთანხმება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც ორივე მხარეს ეძლევა უკან დახევის საშუალება, ისე რომ სახე არ დაკარგოს…
შეთანხმების პროექტი:
“მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვერ ვთანხმდებით არჩევნების შედეგების კანონიერებასთან დაკავშირებით, სახელმწიფოში არსებული რთული ეპიდემიოლოგიური და სოციალ-ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე, ვთანხმდებით შემდეგზე:
1. მშვიდობიანად ვასრულებთ საარჩევნო პროცესს.
2. პარლამენტის პირველივე სესიაზე იქმნება საგამოძიებო კომისია არჩევნების მომზადებასთან, მის მიმდინარეობასთან და ხმის დათვლასთან დაკავშირებით.
3. ცესკოს თავმჯდომარეს უჩერდება უფლებამოსილება გამოძიების დასრულებამდე.
4. ყველა ადამიანი, რომელიც დაპატიმრებულია მიმდინარე საპროტესტო აქციების პროცესში, განთავისუფლდეს წინასწარი პატიმრობიდან შესაბამისი თავდებობის, ან გირაოს გამოყენებით, გარდა მძიმე დანაშაულისა (თუ ასეთს ჰქონდა ადგილი).
ვთანხმდებით, რომ თუ კომისიის დასკვნით გამოვლინდა იმ რაოდენობის და ხარისხის დარღვევები, რამაც არსებითად შეცვალა არჩევნების შედეგები, პარლამენტი, საერთო თანხმობით, დაიშლება და გამოცხადდება რიგგარეშე არჩევნები.
ხელმომწერები:
ქართული ოცნება 48%
ოპოზიცია …………..52%” – წერს გია ხუხაშვილი.
შეგახსენებთ, გუშინ ოპოზიციის აქტივისტების აქცია შსს-მ წყლის ჭავლით დაშალა. აქციის მონაწილეების თქმით, პოლიციამ სავარაუდოდ გაზიც გამოიყენა, რასაც შსს უარყოფს. შსს-ში ამბობენ, რომ აქციის მონაწილეები ქვებს ისროდნენ პოლიციის მიმართულებით და ამიტომ გახდა საჭირო წყლის ჭავლის გამოყენება. ამ ვითარებამ პოლიტიკური სიტუაცია კიდევ უფრო მეტად შეიყვანა ჩიხში.
ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ხელახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვს.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად