გია ხუხაშვილი: “შავი სია” დადებით ემოციებს არ იწვევს- მათაც არაფერში წაადგებათ

“ასეთი “შავი სიები” მინიმუმ უდანაშაულობის პრეზუმციას არღვევს”-ასე აფასებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი “აიპრესსთან“ ე.წ. შავ სიას, რომელიც გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა შეიმუშავეს და ამ დრომდე 5 ადამიანი ჰყავთ შეყვანილი.

გია ხუხაშვილის თქმით, ე.წ. შავი სია მინიმუმ უდანაშაულობის პრეზუმციას არღვევს. სრული ანაქრონიზმია, რაც საზოგადოებაშიც არ იწვევს დადებით დამოკიდებულებას.

“რა არის იცით, ასეთი “შავი სიები” მინიმუმ უდანაშაულობის პრეზუმციას არღვევს. კი ბატონო, შეიძლება, ოპოზიციას ჰქონდეს ეჭვები რაღაცასთან დაკავშირებით, მაგრამ სამართლებრივი პროცესის შედეგად ხდება ადამიანის დასჯა. „შავი სიები“ არის რაღაც ანაქრონიზმი, ჩემი აზრით, რაც მაინც და მაინც დადებით ემოციებს არ იწვევს.

კი ბატონო, შეიძლება მათ მოსაზრებებს ამ ადამიანებთან დაკავშირებით ჰქონდეს ობიექტური საფუძველი, მაგრამ ე.წ სიების შედგენა და ასე შემდეგ, ეს მათაც არაფერში არ წაადგებათ განსაკუთრებით. ასეთი დამოკიდებულება საზოგადოებაში არ იმსახურებს მოწონებას.

პოლიტექნოლოგიის საკითხია. მათი არჩევანია, მათი გემოვნების თემაა. ამაში კრიმინალი არაფერი არ არის. მათ თუ მიაჩნია რომ რომ ასეთი სიები უნდა გააკეთონ-გააკეთონ. მაგრამ არ მგონია პოლიტიტექნოლოგიურად სწორი იყოს.

კითხვაზე, შეძლებს თუ არა ე.წ. „შავი სია“ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს „ავნოს და ატკინოს“ როგორც ამას ოპოზიციაში ამბობენ,  გია ხუხაშვილი პასუხობს:

„არ ვიცი, რაღაც შეიძლება ავნებოს კიდეც. ჩვენ თუ პლუსებს და მინუსებს დავთვლით, მე მაინც მგონია, რომ ამ „შავ სიებს“ უფრო მეტი მინუსი აქვს, ვიდრე პლუსი, პოლიტიკური თვალსაზრისით. პირადად ჩემს გემოვნებას ასეთი სიები არ შეესაბემება.

სიის სახელს რა მნიშნვნელობა აქვს. იდეაზეა საუბარი, სახელს არ აქვს გადამწყვეტი მნიშნვლეობა. ადამიანების სიაა, რომელიც სამომავლოდ უნდა დაისაჯონ თითქოს, მაგრამ ვფიქრობ, ვერდიქტის გამოტანა ბრალულობა სასამართლოს საშუალებით ხდება და არა პოლიტიკური პროცესებით. კი ბატონო, მათ შეუძლიათ ნებისმიერ ადამიანს მისცენ შეფასებები, მაგრამ ეს შეფასებები უნდა ატარებდეს ინდივიდუალურ ხასიათს და არა კოლექტიურს. არიწვევს მაინც დამინაც პოზიტიურ ემოციებს“,-ამბობს ხუხაშვილი.

შეგახსენებთ, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების სპეციალურმა კომისიამ  შეხვედრაზე ე.წ. შავი სიის ხუთეული შეათანხმა.

შეხვედრა პირველ ეტაპზე 5 პირის დასახელებით დასრულდა, მათ შორის მოხვდნენ: მოსამართლეები, პოლიციელები, პროკურორები და მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელიც.

კომისიის წევრებმა ე.წ. შავ სიაში შეიყვანეს: ვალერიანე ფილიშვილი (მოსამართლე), გიორგი არევაძე (მოსამართლე), ვაჟა თოდუა (პროკურორი), კახა ბუხრაძე (თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე), ნუგზარ ჭონქაძე (მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი).

როგორც, “ლელო საქართველოსთვის”  ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კოჟორიძემ ჟურნალისტებთან პრესკონფერენციაზე განაცხადა “შავი სიის” პირველი ათეული უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

სტატიის ავტორი თეონა ციხიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად