გია ხუხაშვილი შაქარაშვილის საქმეზე: კუნთმაგარ და ჭკუათხელ ბიჭებს მათთვის ვიღაც ავტორიტეტული უწევდა კოორდინაციას

იმის ილუზია არავის აქვს, რომ კუნთმაგარი და ჭკუათხელი ბიჭები თვითონ შეიკრიბენ. მათ ვიღაც მათთვის ავტორიტეტული უწევდა კოორდინაციას, – ამის შესახებ პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ტრაგიკულად დაღუპული ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს:

მისი თქმით, საქმე ორი კომპონენტისგან შედგება და ამ ორივე კომპონენტის სათანადო გამოძიების გარეშე საქმე სრულად გახსნილად ვერ ჩაითვლება.

“შაქარაშვილის ტრაგედიის ტიპის საქმეები სამი კომპონენტისგან შედგება – დანაშაულის დაკვეთა, შესრულება და დაფარვა.
გირგვლიანის საქმეში ხელისუფლებას ჰქონდა ილუზია, რომ შემსრულებლებს დროებით გადაუგდებდა საზოგადოებას და ამით გადააგორებდა თემას. დამკვეთი და დამფარავი კი მშრალად გამოძვრებოდა.
როგორც ისტორიამ აჩვენა, ეს ასე არ მოხდა.
არც ახლა მოხდება ასე.

1. იმის ილუზია არავის აქვს, რომ კუნთმაგარი და ჭკუათხელი ბიჭები თვითონ შეიკრიბენ. მათ ვიღაც მათთვის ავტორიტეტული უწევდა კოორდინაციას.
ამ პერსონის დადგენა არ უნდა იყოს ძნელი, თუ ამის ნება არსებობს.
2. პირველ ეტაპზე აშკარად ჩანდა დანაშაულის დაფარვის მცდელობა, მათ შორის სისტემის მხრიდან, თუნდაც ეს ქვედა დონეზე ყოფილიყო. რომ არა საზოგადოების და მედიის აქტიურობა, შეიძლებოდა ეს გამოსვლოდათ კიდეც.

ამ ორი კომპონენტის სათანადოდ გამოძიების გარეშე, საქმე ვერ ჩაითვლება სრულად გახსნილად, შესაბამისი განვითარებით.

პირველი ნაბიჯი გადაიდგა და ეს კარგია. ახლა მეორე და მესამე უნდა გადაიდგას”, – წერს გია ხუხაშვილი.

შეგახსენებთ, პროკურატურის ინფორმაციით, სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი თავდამსხმელებმა გადააგდეს მდინარე არაგვში და გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად