გია ხუბუა კარლ ჰარცელს: დარწმუნებული ვარ, თქვენ, როგორც ფასილიტატორი, თავს ორმაგად ვალდებულად თვლით, წერტილი დაუსვათ გერმანიის ელჩის ჰუბერტ ქნირშის მიმართ წარმოებულ შეურაცხმყოფელ კამპანიას

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი რექტორის გია ხუბუა ევროკავშირის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში კარლ ჰარცელს მიმართავს.

“ევროკავშირის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ბ-ნ კარლ ჰარცელს

ბატონო კარლ, მინდა მოგმართოთ, როგორც ქართველმა, ვისთვისაც მნიშვნელოვანია თავისი ქვეყნის ევროპულ ოჯახში სრულფასოვანი ინტეგრაცია; როგორც იურისტმა, ვისთვისაც მნიშვნელოვანია კანონის უზენაესობა და გამართულად ფუნქციონირებადი, ევროპულ ტრადიციაზე დაფუძნებული კონსტიტუციური მოწყობა; როგორც სამართლის ფილოსოფიის სპეციალისტმა, რომელმაც ზუსტად იცის, რომ დემოკრატია სამართლიანობის გარეშე ვერ აშენდება და როგორც ადამიანმა, რომლის ცხოვრება და კარიერაც განაპირობა საქართველოსა და გერმანიას შორის არსებულმა განსაკუთრებულმა ურთიერთობებმა. ჩემი სამშობლო, სადაც დავიბადე, გავიზარდე და რომლისთვისაც ვიღწვი და ვშრომობ მთელი ცხოვრება, არის საქართველო, მაგრამ გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ჩემი აკადემიური სამშობლო არის გერმანია, რომელმაც მომცა მე მაღალი ხარისხის განათლება, მაზიარა ევროპულ ღირებულებებს და საბოლოოდ დამარწმუნა ევროპული ცხოვრების წესის უპირატესობაში.

დღეს, მე ვცხოვრობ გერმანიაში და აკადემიურ საქმიანობას ვაგრძელებ ბერლინის შტაინბაისის უნივერსიტეტში, გახლავართ რა ამ უნივერსიტეტის პრეზიდენტი სამეცნიერო კვლევების დარგში (Prof. Dr., Präsident für Forschung der Steinbeis Hochschule Berlin) და ბუნებრივია, აქტიურად ვადევნებ თვალს საქართველოში დინამიურად მიმდინარე, ქართველთათვის დამახასიათებელი ემოციურობით, სიმძაფრითა და დრამატიზმით აღსავსე პოლიტიკურ პროცესებს, რომელსაც შედეგად თვისებრივად განსხვავებული, უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტის, ჭეშმარიტად ევროპული საარჩევნო სისტემა უნდა მიიღოს ქვეყანამ.

გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ უკიდურესი პოლარიზაციისა და პოლიტიკური შეთანხმებების ტრადიციის არქონის პირობებში, 2020 წლის 8 მარტის შეთანხმება, რომლის იმპლემენტაციაც ახლა ხდება, შეუძლებელი იქნებოდა პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორი ელჩების ტიტანური ძალისხმვის გარეშე და მე ამაყი ვარ, რომ პირადად თქვენი, ბატონო კარლ და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატები ელჩის, ქალბატონი კელი დეგნანის კვალდაკვალ, ამ ისტორიული შეთანხმების მიღწევაში მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი გერმანიის ელჩს საქართველოში, ბატონ ჰუბერტ ქნირშს.

მოგეხსენებათ, გერმანიამ ისტორიულად დიდი როლი ითამაშა საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის შექმნაში, ჯერ კიდევ 20-ე საუკუნის დასაწყისში და, გერმანია, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგაც ყოველთვის გვერდით ედგა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხს. ამას ქართველი ხალხი ხედავს, აფასებს და, შესაბამისად, დიდ პატივს სცემს გერმანიას – როგორც სახელმწიფოს და გერმანელებს – როგორც მეგობარ ხალხს.

ამ ფონზე, ჩემთვის გამაოგნებელი და კატეგორიულად მიუღებელი იყო ის შეურაცხმყოფელი განცხადებები, რომელიც ბატონი ქნირშის მიმართ მოვისმინე საქართველოს ოპოზიციური სპექტრის გარკვეული წარმომადგენლების მხრიდან. თანაც, მხოლოდ და მხოლოდ იმ საბაბით, რომ წესიერებით და გულწრფელობით გამორჩეულმა ელჩმა, სრულიად მკაფიოდ და ცალსახად განაცხადა ის, რაც მანამდე, სრულიად გასაგებად და ცხადად, მაგრამ შესაძლოა, შედარებით ნაკლები კატეგორიულობით არაერთხელ გამოთქვით 8 მარტის შეთანხმების უკლებლივ ყველა ფასილიტატორმა – პირადად თქვენც და აშშ-ს ელჩმაც.

სამწუხაროდ, შეთანხმების მონაწილე ოპოზიციის ლიდერებს არ ეყოთ პოლიტიკური სიმწიფე და სახელმწიფოებრივი აზროვნება და ბატონი კნირშზე მხოლოდ იმიტომ მიიტანეს იერიში, რომ მათ არ აწყობდათ ის სიმართლე, რაც სრულიად საქართველომაც იცის და რაც დაადასტურა კიდეც საკუთარ განცხადებაში გერმანიის ელჩმა – 8 მარტის შეთანხმება არ ითვალისწინებდა და ვერ გაითვალისწინებდა კონკრეტულ პირებს.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დარწმუნებული ვარ, თქვენ, როგორც ამ მოლაპარაკებების ერთ-ერთ ფასილიტატორი და ევროკავშირის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი საქართველოში, თავს ორმაგად ვალდებულად თვლით, წერტილი დაუსვათ თქვენი კოლეგა-ფასილიტატორის და, იმავდროულად, ევროკავშირის ლიდერი ქვეყნის, გერმანიის ელჩის, ბატონი ჰუბერტ ქნირშის მიმართ წარმოებულ ამ შეურაცხმყოფელ კამპანიას.

ამიტომ, თავს უფლებას ვაძლევ, მოგმართოთ თხოვნით, კიდევ ერთხელ გააკეთოთ სპეციალური საჯარო განცხადება 8 მარტის შეთანხმებასთან დაკავშირებით და მკაფიოდ დაადასტუროთ გერმანიის ელჩის პოზიციის მართებულობა 8 მარტის შეთანხმებასთან მიმართებაში. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ აღნიშნული საკითხით ისედაც დაინტერესდება ქართული მედია და, რაც მთავარია, საზოგადოება. შესაბამისად, შეკითხვები თქვენს მიმართ აუცილებლად დაისმევა და ისინი პასუხგაუცემელი ვერ დარჩება.

მტკიცედ მჯერა, რომ თქვენი ეს ნაბიჯი მყისიერად დაასრულებს ოპოზიციის ნაწილის შეურაცხმყოფელ კამპანიას თქვენი კოლეგის, ღრმადპატივცემული ადამიანის, ბატონი ქირშის წინააღდეგ, აღარ დაუტოვებს მანიპულირების სივრცეს შეთახმების ჩაშლის მოსურნეებს და კიდევ ერთხელ ქმედითად შეუწყობს ხელს ჩემი ქვეყნისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო ცვლილებების ბოლომდე მიყვანას” – წერს გია ხუბუა სოციალურ ქსელ faceboo-ში. .

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად