გია ბარამიძე: ზოგიერთი პარტიის არასწორი რეაქციის მიუხედავად პრინციპის ერთგული ვრჩებით

პრინციპების ერთგული რომ ვრჩებით, მაგიტომ ვუჭერთ სხვა ოლქებში მხარს იმ კანდიდატურებს, რომლებზეც ვთქვით, რომ მხარს ვუჭერთ, – ამის შესახებ “აიპრესთან” ინტერვიუში “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გია ბარამიძემ განაცხადა.

სრულ ინტერვიუს მკითხველს მოგვიანებით შევთავაზებთ, იქამდე კი გთავაზობთ ინტერვიუდან მცირე მონაკვეთს:

_ გიორგი ვაშაძეზე საუბრისას სიზუსტე დავიცვათ და ვთქვათ, რომ ჩარკვიანმა საბურთალოზე თავისი კანდიდატურა ჯერ კიდევ მაშინ დააყენა, სანამ ვაშაძესთან შექმნიდა ბლოკს. მიიჩნევთ, რომ ბლოკის შექმნის შემდეგ უნდა მოხსნილიყო თაკო ჩარკვიანის კანდიდატურა?

_ ცხადია. ბლოკია და ერთი საარჩევნო სუბიექტია. შესაბამისად, საარჩევნო სუბიექტს იგივე ვალდებულებები აქვს, რაც სხვას.

_ ამის მიუხედავად ეს ყველაფერი ხომ არ იწვევს ამომრჩევლის უფრო მეტად დაბნეულობას? ხომ შეგეძლოთ, რომ გეთქვათ, ვაშაძის ბლოკის მხრიდან შეთანხმების დარღვევის მიუხედავად თქვენ მაინც რჩებით პრინციპების ერთგული და შეთანხმებას არ დაარღვევდით. ამაზე გსაყვედურობთ ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი „ევროპული საქართველო“. რატომ არ გააკეთეთ ეს?

_ პრინციპების ერთგული რომ ვრჩებით, მაგიტომ ვუჭერთ სხვა ოლქებში მხარს იმ კანდიდატურებს, რომლებზეც ვთქვით, რომ მხარს ვუჭერთ. ზოგიერთი პარტიის არასწორი რეაქციის მიუხედავად პრინციპის ერთგული ვრჩებით და ვინარჩუნებთ ჩვენს პოზიციებს ამ საკითხზე. გითხარით სამი მიზეზი, რატომაც მოხდა გადაწყვეტილების შეცვლა ისანში. დანარჩენ ოლქებში გადაწყვეტილება უცვლელი რჩება.

კოლეგებსაც და ამომრჩეველსაც შევახსენებ, რომ ჩვენ ეს გადაწყვეტილება რომ არ მიგვეღო და რვავე ოლქში დაგვეყენებინა კანდიდატები, რეალურად სხვა პარტიებს არც გამარჯვების და თუნდაც არც მეორე ტურში გასვლის შანსი არ ექნებოდა. იქიდან გამომდინარე თუ შევხედავთ, ვის რა ელექტორალური მხარდაჭერა აქვს და რას აჩვენებს ნებისმიერი გამოკითხვის შედეგი, რომელიც არ უნდა იყოს ის – იქნება „ქოცების“ თუ სხვა გამოკითხვები. ამაში ალბათ დამეთანხმებით, მაგრამ ჩვენ გადავდგით ეს ნაბიჯი, რომ ჩვენ მარტო „ნაციონალური მოძრაობა“ კი არ გვინდა რომ იყოს წარმოდგენილი, არამედ სხვა პროდასავლური პარტიებიც. ჩვენ გადავდგით ეს ნაბიჯი და ჩვენს მიმართ ამ ფონზე ასეთი საყვედურები ნამდვილად უსამართლო იქნება.

სტატიის ავტორი იაგო ნაცვლიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად