გია ბარამიძე: ვეჭვობ, “ოცნების” პრეზენტაციაზე მყოფთაგან ზოგიერთი ფსევდოოპოზიციაა

გუშინ „ქართულმა ოცნებამ“ პროპორციულ არჩევნებზე გადასვლასთან დაკავშირებით საინიციატივო პაკეტის პრეზენტაცია გამართა, რომელზეც ოპოზიციის ერთი ნაწილი არ მივიდა, მეორე მივიდა. ამან ოპოზიციაში გარკვეული ბზარი წარმოქმნა. მისულებს არმისულების ნაწილმა ფსევდოოპოზიცია ან პროპუტინისტური ოპოზიცია უწოდა.

ვის ინტერესებშია ოპოზიციის დაპირისპირება? – ამ კითხვით მიმართა „აიპრესმა“ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს გია ბარამიძეს, რომელიც ამბობს, რომ თუ ოპოზიციური ძალები, ვინც პრეზენტაციაზე მივიდნენ ივანიშვილის თამაშს არ თამაშობენ, მაშინ ოპოზიციის გახლეჩვა თავად ივანიშვილის ინტერესებშია.

„ვინც ქართული ოცნების პრეზენტაციაზე მივიდა, თუ ის ნამდვილი ოპოზიციაა და იმთავითვე ბიძინა ივანიშვილის თამაშს არ თამაშობს, მაშინ ოპოზიციის გახლეჩვა რა თქმა უნდა ივანიშვილის ინტერესებშია.

არაერთხელ მითქვამს და თქვენთანაც ინტერვიუში არაერთხელ აღმინიშნავს, რომ შევეცადოთ და უკანა პლანზე გადავწიოთ ემოციები წყენები, პოლიტიკური გემოვნების, მიმართულების თუ პლატფორმების საკითხები. ვინც ნამდვილი ოპოზიციაა და ესმის, რომ ივანიშვილის რეჟიმი სერიოზული პრობლემაა ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც არის ქვეყნის ყველა მიმართულების დამნგრევი და საქართველოს რუსეთის ორბიტაზე დაბრუნების ამოცანის შემსრულებელი, ამიტომ ჩვენი ყველას ამოცანაა, რომ ქვეყნისთვის ეს სერიოზული პრობლემა ჯერ მოვიცილოთ მშვიდობიანად, მაქსიმალურად უმტკივნეულოდ ჩვენი ქვეყნისთვის და შემდეგ ხალხმა გადაწყვიტოს ვის მეტად ენდობა და ვის ნაკლებად“, – ამბობს ბარამიძე.

კითხვაზე, ეჭვობს, რომ პრეზენტაციაზე მყოფთაგან შესაძლოა ზოგიერთი ნამდვილი ოპოზიცია არ იყოს და ფსევდოოპოზიციაა? – პასუხობს:

„ვინც მივიდა მათგან კი, მაგრამ ყველას ვერ დავადებ ხელს და კონკრეტულადაც საუბარს არ დავიწყებ. ეს უფრო დროთა განმავლობაში გამოიკვეთება“, – გვითხრა გია ბარამიძემ.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...