გია ბარამიძე: ვაშაძეს პრემიერობის კანდიდატისთვის ჩვენი ნდობა არ აქვს, უხერხულია როცა ამბობს, რომ ეს მასთან შეთანხმებული არ ყოფილა

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გია ბარამიძე აცხადებს, რომ მის პარტიაში პატივს სცემენ თაკო ჩარკვიანის არჩევანს, თუმცა აღნიშნავს, რომ სულელი არავინ არის დაიჯეროს, თითქოს ეს გიორგი ვაშაძესთან შეთანხმებული არ ყოფილა და როცა ამაზე ვაშაძე საუბრობს, უხერხულია.

ამის შესახებ გია ბარამიძემ “აიპრესთან” ინტერვიუში ისაუბრა და აღნიშნა, რომ შეეცდებიან ვაშაძესთან პარტნიორული ურთიერთობა შეინარჩუნონ. პოლიტიკოსთან ინტერვიუს სრულ ვერსიას მკითხველს მოგვიანებით შევთავაზებთ, იქამდე კი გთავაზობთ ინტერვიუდან მცირე მონაკვეთს.

_ თაკო ჩარკვიანმა პრემიერ-მინისტრობის პოტენციურ კანდიდატად გიორგი ვაშაძე დაასახელა, რასაც მოჰყვა დიდი განხილვები თუ ვნებათაღელვა. პირადად თქვენთვის და „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ვაშაძის კანდიდატურა მისაღებია?

_ ამის თაობაზე ხომ ითქვა ძალიან მკაფიოდ? ზაალ უდუმაშვილმა ჩვენი სახელით ძალიან მკაფიოდ და ნათლად თქვა ჩვენი პოზიცია. უფრო მეტიც, ჩვენ პატივს ვცემთ ქალბატონი თაკო ჩარკვიანის აზრს, რომელიც გიორგი ვაშაძესთან რა თქმა უნდა წინასწარ იყო შეთანხმებული და ეს ყველაფერი გავლილი ჰქონდათ. ამას გიორგი ვაშაძე როდესაც უარყოფს, ეს ცოტა უხერხულია. სულელი არავინ არ არის. მაგრამ, რაც მოხდა, მოხდა. ჩვენ ვთქვით ჩვენი პოზიცია ვაშაძესთან დაკავშირებით. ვეცდებით, რომ პარტნიორობა შევინარჩუნოთ. იმიტომ, რომ პარტნიორობისთვის რაც არის საჭირო, ეს არის ერთი დონე, მაგრამ პრემიერ-მინისტრობისთვის, ანუ ჩვენი გუნდის ლიდერობისთვის რაც არის საჭირო, ეს მეორე დონეა და ის ათჯერ უფრო მაღალია.

_ თქვენს ინტერესებშია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი იყოს პრემიერობის კანდიდატი?

_ არა. ის უნდა იყოს, ვისაც ჩვენი მაღალი ნდობა ექნება.

_ ვაშაძეს ასეთი ნდობა არ აქვს?

_ მთელი რიგი მიზეზების გამო მას ამ ხარისხის ნდობა არ აქვს.

_ რა მიზეზების გამო?

_ მაგალითად იმ მიზეზების გამო, რომ როდესაც ყველაზე მძიმე ვითარებაში ვიყავით, ის გავიდა პარტიიდან.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად