გია ბარამიძე: გიორგი ვაშაძე გრიგოლ ვაშაძის შტაბს სიმბოლურად ხელმძღვანელობდა, რათა ხაზი გაგვესვა მრავალპარტიულობისთვის

როდესაც ყველაზე მძიმე ვითარებაში ვიყავით, ის [გიორგი ვაშაძე] გავიდა პარტიიდან. 2016 წლიდან 2020-მდე 4 წელი გავიდა. ჩვენ ვთავაზობდით კიდეც დაბრუნებას მას, 2%-იან პარტიას ვერ დაშლიდა ერთობის გულისთვის?! – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გია ბარამიძემ “აიპრესთან” ინტერვიუში განაცხადა, რომლის სრულ ვერსიასაც მკითხველს მოგვიანებით შევთავაზებთ, იქამდე კი გთავაზობთ ინტერვიუს ამ ნაწილს.

გია ბარამიძე: როდესაც ყველაზე მძიმე ვითარებაში ვიყავით, ის [გიორგი ვაშაძე] გავიდა პარტიიდან.

_ მან მაშინ ახსნა ეს. მაშინდელი თქვენი პარტიის და ამჟამად „ევროპული საქართველოს“ ლიდერებთან მას დაპირისპირება ჰქონდა…

_ 2016 წლიდან დღემდე უკან დაბრუნებას რა უდგა წინ? ასე გავიდა ლევან ხაბეიშვილი, მაგრამ დაბრუნდა გულით და სულით და მუშაობს კაცი. 2016 წლიდან 2020-მდე 4 წელი გავიდა. ჩვენ ვთავაზობდით კიდეც ამას გიორგის.

_ კი, მაგრამ უკვე პარტია ჰქონდა და უნდა ეთქვა, უი გაიყვნენ და ისევ უნდა დავბრუნდეო?

_ ზურაბ ჟვანიამ და ჩვენ დავშალეთ ამხელა პარტია, რომელმაც 15% აიღო და 2%-იან პარტიას ვერ დაშლიდა ერთობის გულისთვის?! რას მეუბნებით?

_ სხვა ფორმატით ჩაერთო, საპრეზიდენტო არჩევნების დროს თქვენი კანდიდატურის მხარდაჭერაში ლომის წვლილი შეიტანა. ასე არ იყო?

_ არა, ლომის წვლილი ნამდვილად არ შეუტანია. ლომის წვლილი შეიტანა „ნაციონალურმა მოძრაობამ“. ის სიმბოლურად იყო შტაბის ხელმძღვანელი.

_ ასე გგონიათ, რომ ეს სიმბოლური იყო?

_ მთლად ასეთი სიმბოლური არა, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ხაზი გაგვესვა მრავალპარტიული ბლოკისათვის. ამიტომაც გახდა შტაბის უფროსი გიორგი ვაშაძე, თორემ რეალურ საქმეს აკეთებდა “ნაცმოძრაობა” და ლომის წვლილი სწორედ „ნაციონალურ მოძრაობას”, მის მხარდამჭერებსა და მის რეგიონულ სტრუქტურებს შეჰქონდა. შტაბის ხელმძღვანელი რომ იყო, ვის ხელმძღვანელობდა? 99% „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები იყვნენ. შტაბის უფროსად „ნაციონალური მოძრაობიდან“ ვერ ავირჩევდით? ჩვენ ეს ჟესტი სწორედ იმ სულისკვეთებიდან გამომდინარე გავაკეთეთ, რაც ჩვენ გვქონდა – ერთიანობის.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად