გია ბარამიძე: ბუტა რობაქიძის თემაში ვერ შევალ… რობაქიძის საქმე სხვაა და გირგვლიანის სხვა(ინტერვიუ)

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გია ბარამიძე აცხადებს, რომ მათი ხელისუფლების დროს მომხდარი ყველა გახმაურებული საქმე ერთი რანგის არ არის და ეს თქვა გუშინ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმაც.

ბარამიძე “აიპრესთან” ინტერვიუში ამბობს, არასოდეს უთქვამთ, რომ აფრასიძეები და ვაზაგაშვილი ფრთიანი ანგელოზები იყვნენ. რობაქიძეზე ამბობს, რომ ამ თემის განხილვაში ვერ შევა, თუმცა ამბობს, რომ რობაქიძის და გირგვლიანის საქმეები ერთი რანგის არ არის.

გია ბარამიძეს “რუსთავი 2”-თვის მიცემული მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს იმ ნაწილის შეფასება ვთხოვეთ, სადაც ის გახმაურებულ თემებზე საუბრობს. კონკრეტულად კი ის, არის თუ არა მისი განცხადებები სააკაშვილის განცხადებებთან თანხვედრაში.

_ თქვენგან მოგვისმენია განცხადებები, რომ აღიარებთ შეცდომებს ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენ სააკაშვილისგან გუშინდელ ინტერვიუში ვერ მოვისმინეთ აღიარება ამ საქმეებზე, გარდა იმისა, რომ თქვა, სწორი იქნებოდა გირგვლიანის საქმის გამო ვანო მერაბიშვილი გაეთავისუფლებინა…

_ ბუნებრივია შეცდომებს ვაღიარებთ, მაგრამ სხვა რომელი საკითხი იყო?

_ რობაქიძის საქმე, ვაზაგაშვილის საქმე…

_ ვაზაგაშვილზე არც არასოდეს არ გვითქვამს, რომ ფრთიანი ანგელოზი იყო. ყველა საქმეს, რაზეც ოპოზიციას ხმაური ჰქონდა ატეხილი ერთნაირი მნიშვნელობა და ერთნაირი დატვირთვა არ აქვს. რაც შეეხება ვაზაგაშვილს ძალიან საეჭვო რაღაცაა. ასევე სხვებიც. ფრთიანი ანგელოზები არ იყვნენ, იარაღიც იყო მათ საქმეებში და ა. შ. კონკრეტულად ამ ინტერვიუში გამიჭირდება საუბარი.

_ იგივე აფრასიძეებზე იყო საუბარი.

_ აფრასიძეებზე საბოდიშო რა გვაქვს, მითხარით. რა შეცდომებზე მიმითითებთ?!

_ მე ვერაფერს მიგითითებთ. მე მაინტერესებს გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებით იმ შეცდომებს აღიარებთ თუ არა და არსებობს თუ არა თანხვედრა გუნდში, თუნდაც თქვენსა და სააკაშვილს შორის?

_ გააჩნია რა შეგყავთ სიტყვა „იმ“-ში. რაც არასწორი იყო პრეზიდენტმა სააკაშვილმა თქვა. გირგვლიანის ამბავი იყო ნამდვილი ტრაგედია. აქამდე ალბათ არავის არც მოუსმენია და თქვა, რომ შეცდომა იყო, როდესაც ვანო მერაბიშვილი არ გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან. ეს ალბათ ადრე არავის არც მოგისმენიათ.

ეს ადამიანი შემოაკვდათ, მაგრამ პრობლემა იყო დაგვიანებული, მაგრამ ის ადამიანები ციხეში ჩასხდნენ. ლაპარაკობდა იმ კონტექსტში, რომ ვინ მოკლა ბარბარე რაფალიანცი ეს არ ვიცით. იგივე არ ვიცით ის, მართლა მოიკლა თავი ეროსი კიწმარიშვილმა თუ მოკლეს და კამერები შეატრიალეს. ათასი საეჭვო რაღაცაა.

არის საქმეები, რაზეც ვამბობდით, რომ შეცდომა იყო დაშვებული ჩვენი ხელისუფლების დროს. ვიღაც-ვიღაც თანამდებობის პირებმა შეცდომები დაუშვეს. არის საქმეები, რომელიც სუფთა წყლის პროპაგანდა იყო ჩვენს წინააღმდეგ. როგორც მაგალითად აფრასიძეების საქმე. რა პრეტენზია აქვს ვინმეს სამართალდამცავ ორგანოებთან საღი აზრით ჯერ-ჯერობით ვერავინ ვერ ჩამოაყალიბა. მათ დასაკავებლად რომ მიდიოდნენ და პოლიციას ცეცხლი გაუხსნეს, პოლიციას არ ჰქონდა უფლება ესროლა?!

_ რობაქიძის საქმეზეც იგივე პოზიცია გაქვთ, რომ შეცდომა არ ყოფილა დაშვებული?

_ ამ თემებში ვერ შევალ. რაც უპასუხა პრეზიდენტმა სააკაშვილმა იმაზე გპასუხობთ, რომ ყველა საკითხი ერთი და იგივე რანგის არ არის. რობაქიძის საქმე სხვაა და გირგვლიანის სხვა. როგორც ვაღიარეთ ხელისუფლებამ შეცდომები, იგივე თქვა გუშინ სააკაშვილმა და უფრო მეტიც თქვა, როცა თქვა, რომ მერაბიშვილი უნდა გაეთავისუფლებინა.

_ თუმცა, ამ ლოგიკით უფრო შორსაც წავიდა. გირგვლიანის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს კონტექსტში თქვა, რომ დასკვნა თეა წულუკიანმა დაწერა. დავუშვათ, ქვეყნის შიგნით წულუკიანის გავლენა გავიგეთ, მაგრამ სტრასბურგშიც ამხელა გავლენა ჰქონდა, რომ მის დაწერილ დასკვნას მოაწერა ხელი შვიდმა მოსამართლემ?

_ არ არის საიდუმლო, რომ წულუკიანი მუშაობდა იმ სასამართლოში. საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე მის მიმართ უფრო მეტი ნდობა რომ ყოფილიყო გასაკვირი არ არის. იქ მომუშავე ქართველის მიმართ ამ საკითხების მინდობის მაღალი ხარისხი იქნებოდა. ესეც არ არის გასაკვირი.

გუშინ რაც თქვა პრეზიდენტმა არ არის არაფრის უარყოფა, რაც ადრე იყო. უფრო მეტი თქვა. გირგვლიანის საქმეზე არათუ ის ადამიანები უნდა დასჯილიყვნენ, ვინც ეს დანაშაული ჩაიდინა. ვისაც შემოაკვდათ და ეს უბედურება მოხდა. უფრო მეტიც შს მინისტრიც უნდა გამეთავისუფლებინა დროზეო. ეს თავის შეცდომად ჩათვალა. რატომ მიიღეთ ეს პირიქით?

_ რახან მეკითხებით, გულწრფელად გიპასუხებთ. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ სააკაშვილის მხრიდან თავის გამართლების მცდელობა იყო. თუნდაც შეწყალებასთან დაკავშირებით, თუნდაც იმაზე, რომ პროკურატურა და სასამართლო ერთად ცდილობდა მაღალჩინოსნების გამართლებას.

_ რატომ დაგრჩათ ეს შთაბეჭდილება არ ვიცი. პირიქით. არა თუ ამის საწინააღმდეგო არაფერი არ უთქვამს. შესაძლოა იმან დაგიტოვათ ეს განცდა, რომ მან თქვა, რომ სამწუხაროდ ასეთი რაღაცები ყველა სახელმწიფოში შეიძლება მოხდეს. მთავარია როგორ რეაგირებ ამაზე. აქ რეაგირებასთან დაკავშირებით თქვა, რომ შეცდომა დავუშვითო. არა მარტო ის ადამიანები უნდა ჩამჯდარიყვნენ ციხეში, არამედ მერაბიშვილიც უნდა გამეთავისუფლებინაო. ამ კუთხით თუ შეხედავთ… მე აქ არაფერს არ ვამატებ. შესაძლოა უფრო თვითკრიტიკულიც ყოფილიყო გირგვლიანის თემასთან დაკავშირებით.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...