გია ბარამიძე ალეკო ელისაშვილს: შენ თუ ოპოზიციის ერთიანობის დარღვევას არ ცდილობ, ეს სისულელე როგორ უნდა გეთქვა?

“ალეკო, აი ახლა შენ შარზე თუ არ ხარ და ოპოზიციის ერთიანობის დარღვევას ხელოვნურად არ ცდილობ, ეს სისულელე როგორ უნდა გეთქვა?” – ასე მიმართა ნაციონალურ მოძრაობის ლიდერმა, გიორგი ბარამიძესმ ალეკო ელისაშვილს, რომელმაც თქვა, სააკაშვილი ან ჩამოვიდეს, ან თავი გაგვანებოსო!

“მიხეილ სააკაშვილი არის ნაციონალური მოძრაობის ლიდერი და მისი როგორც პრემიერ მინისტრობის კანდიდატის წინამძღოლობით, ნაციონალურმა მოძრაობამ მიიღო ასობით ათასი ჩვენი თანამემამულის ხმები.

ეს ამომრჩეველი, იმ ხალხის უდიდესი ნაწილია, ვინც არჩევნების გაყალბების შემდეგ, ეს დღეებია, სიცივეში, დღისით თუ ღამით ქუჩაში დგას და უზურპატორი ივანიშვილის რეჟიმს ებრძვის.

მათ შორის როცა აქციაზე სიტყვით შენ და სხვა ლიდერები გამოდიხართ ტაშს გიკრავენ, რადგან ოპოზიციამ (დღეს შენც ტრიბუნიდან ამაზე საუბრობდი) ის თქვა რომ ახლა ყველამ უკანა პლანზე უნდა გადავწიოთ ვინ რომელი პარტიის წევრია და ვის ვინ მოსწონდა აქამდე და ვის არა.

და ამ ფონზე მიხეილ სააკაშვილის (და ფაქტიურად მთელი მისი გუნდისა და ასობით ათასი მხარდამჭერის) წინააღმდეგ ასეთი გამოხდომა ვის და რა მიზანს ემსახურება? ბოლომდე არ მჯერა, რომ ეს მართლა ასე თქვი.

ამიტომ მაინც რბილად ვიტყვი, თუ ამ პრინციპული ბრძოლის პროცესში შენ და სხვა ლიდერებს, აქვს უფლება მონაწილება მიიღოს, მაშინ მიხეილ სააკაშვილს ამის უფლებაც და (ჩემი აზრით) მოვალეობაც,
100-ჯერ მეტად აქვს.

თუ ერთიანობაა ერთიანობა იყოს!
ხალხს ნუ გავუტეხავთ გულს და ნუ ვაფიქრებინებთ, რომ პოლიტიკოსების სიტყვებს ფასი არ აქვს და დიქტატორ ივანიშვილის ფულებით მოტრიალე წისქვილზე წყალს ნუ დავასხამთ.

ამიტომ მჯერა ამ მშვიდობიანი ბრძოლის პროცესში შენც საჭირო ხარ, სხვა მომცრო თუ წვრილი პარტიების ლიდერებიც და მით უმეტეს მთავარი ოპოზიციური პარტიის მთავარი ლიდერი და მამოძრავებელი ძალა, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი!

ძალა ერთობაშია!
საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს” – წერს გია ბარამიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად