ღვინიაშვილი: ღამე არ მძინავს, გამგებელიც შეწუხებულია, სამხატვრო სკოლის დახურვა არ შეიძლება

საგარეჯოში, სამხატვრო სკოლის პედაგოგებს, ქორეოგრაფიული ანსამბლის „იმედის“ ქორეოგრაფს, მუსიკოსებს ხელშეკრულება შეუწყდათ. ისინი 2017 წლის იანვრიდან ხელფასებს ვეღარ იღებენ. როგორც „აიპრესთან“ საგარეჯოს კულტურის ობიექტების გაერთიანების სამსახურის უფრო ბესო ღვინიაშვილი აცხადებს, მიზეზი ბიუჯეტის შემცირებაა.

თუმცა, ბესო ღვინიაშვილი ირწმუნება, რომ სამხატვრო სკოლას დახურვა არ ემუქრება, ფუნქციონირებას გააგრძელებს ქორეოგრაფიული ანსამბლიც. გამოსავალზე მუნიციპალიტეტის გამგებელთან ერთად ფიქრობს. 

„სამხატვრო სკოლის დახურვა არ შეიძლება, არც იმ ქორეოგრაფიული სტუდიის გაუქმება. 

ხელშეკრულება შეუწყდათ ასევე ქორეოგრაფიული ანსამბლი „იმედის“ ქორეოგრაფს და 2 მუსიკოსს. ამის გამო ბავშვებმა ბოიკოტი გამოაცხადეს და კონცერტი ჩამივარდა. ისეთი მუსიკოსები გამითავისუფლეს, მარტო კახეთში კი არა, საქართველოშიც იშვიათია. სუხიშვილებში უკრავდნენ. 

ხელშეკრულება გიორგი ლეონიძის სახლმუზეუმის მებაღესაც შეუწყდა, რომელსაც კაპიკებს ვუხდიდით და ბაღს უვლიდა. სულ 8 კაცს შეუწყდა ხელშეკრულება. 

ბიუჯეტი შეამცირეს. ზემოდან იყო მითითება, ვისაც ხელშეკრულება ჰქონდა, 1 იანვრიდან აღარ გაგრძელებოდათ. ჩემთვის ეს მტკივნეული თემაა, არც გამგებელს უნდოდა. 

ღამე აღარ მძინავს. გამგებელიც ძალიან შეწუხდა. ვფიქრობ რაღაც დადებითად შეიცვლება“, – აღნიშნა ბესო ღვინიაშვილმა. 

ამავე თემაზე: სამხატვრო სკოლას, სადაც ფერეიდნელი ქართველი 65 ბავშვს უფასოდ ასწავლის, დახურვა ემუქრება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...