გერმანიის საელჩო: მივესალმებით საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას სამგზავრო შეზღუდვების მოხსნაზე

ამის შესახებ გერმანიის საელჩო თავის ოფიციალურ Facebook გვერდზე წერს.

“მივესალმებით საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას გერმანიისთვის სამგზავრო შეზღუდვების მოხსნის შესახებ. ვიმედოვნებთ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და მოგზაურობა ევროკავშირის ყველა ქვეყანასთან ისევ ნორმალურ რეჟიმს დაუბრუნდება. ეს არის გერმანიის, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის პრიორიტეტი”. – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

დღეისათვის, იმ ქვეყნებიდან, ვინც საქართველოს უპირობოდ გაუხსნა საზღვარი, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველო საზღვრებს ასევე უპირობოდ გახსნის შემდეგ 5 ქვეყანასთან:

1. გერმანია

2. საფრანგეთი

3. ლატვია

4. ლიეტუვა

5. ესტონეთი

· ხოლო რაც შეეხება დანარჩენ ქვეყნებს, საბჭომ გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინა, რომ რამდენიმე ქვეყანამ, საზღვრები გაუხსნა მათ შორის, ევროკავშირის მიერ განსაზღვრული უსაფრთხო ქვეყნების სიაში არმყოფ სახელმწიფოებს.

· ზემოჩამოთვლილი 5 ქვეყნის მოქალაქეებს/რეზიდენტებს შეეძლებათ ყველა სახის ვიზიტით საქართველოში მხოლოდ პირდაპირი საჰაერო გზით ჩამოსვლა.

· საქართველოს საზღვრის გადმოკვეთამდე მათ უნდა შეავსონ საგანგებოდ შემუშავებული სპეციალური, ელექტრონული ანკეტა, სადაც უნდა მიუთითონ შემოსვლამდე ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობის ისტორია, საქართველოში ვიზიტის დროს განსაზღვრული ადგილსამყოფელი, საკონტაქტო ინფორმაცია და სხვ.

· მათივე თანხმობის შემთხვევაში, ანდა საზღვარზე თერმოსკრინინგის გავლის შედეგად 37 გრადუსზე მაღალი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, აეროპორტში მათ ჩაუტარდებათ PCR ტესტი.

· ასევე, სავალდებულო წესით ტესტირებას ან კარანტინს გაივლიან ის პირები, რომლებსაც ბოლო 14 დღის განმავლობაში აქვთ ევროკავშირის არაწევრ მაღალი საფრთხის მქონე ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად