გერმანიაში ისევ კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

ბოლო დღე-ღამეში გერმანიაში კორონავირუსის 65 371 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც, პანდემიის დაწყებიდან, ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი გახდა. ინფორმაციას რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს.

მანამდე ანტირეკორდი 17 ნოემბერს გამოვლინდა, როდესაც კორონავირუსი 52 826 ადამიანს დაუდასტურდა.

ბოლო დღე-ღამეში 264 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის პერიოდში 98 538 პაციენტი გარდაიცვალა.

ამგვარად, პანდემიის დაწყებიდან დღემდე COVID-19-ის 5 195 320 შემთხვევა დადასტურდა.

ამჟამად ინფიცირების 7-დღიანი გავრცელების მაჩვენებელი 100 ათას სულ მოსახლეზე 336,9 შეადგენს.

გაზრდილია ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი, რომელიც მოსახლეობის უმეტესი ნაწილის ვაქცინაციის შემდეგ, კარანტინის პოტენციური გამკაცრებისთვის საკვანძო ინდიკატორად ითვლება.

ამასთან, დღეს ცნობილი გახდა, რომ გერმანიის ჯანდაცვის სამინისტრო ცდილობს, წლის ბოლომდე 20-დან 25 მილიონამდე ადამიანის რევაქცინაცია ჩაატაროს. მიზნის მისაღწევად კი კვირაში 4 მილიონამდე აცრის ჩატარება იგეგმება.

ცნობისთვის, გერმანია ეტაპობრივად აწესებს მკაცრ შეზღუდვებს იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ არ მიუღიათ. ახალი შეზღუდვები ჯერჯერობით ეხება მხოლოდ ზოგიერთ მიწას, სადაც ადგილობრივი ხელისუფლება ამას საჭიროდ მიიჩნევს.

კომენტარები
იტვირთება...