გერმანიამ ხანგოშვილის მკვლელობის გამო, ორი რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა

ბერლინში საქართველოს მოქალაქის გახმაურებული მკვლელობის გამოძიებასთან დაკავშირებით, გერმანიის მთავრობა ქვეყნიდან რუსეთის დაზვერვის ორ თანამშრომელს გააძევებს, რომლებიც ბერლინში მდებარე საელჩოში მუშაობენ,-ინფორმაციას გამოცემა Spiegel-ი ავრცელებს.

Spiegel- ის თანახმად, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს დილით რუსეთის ელჩი სერგეი ნეჩაევი დაიბარეს და შესაბამისი საპროტესტო ნოტა გადასცეს.

უწყებამ ორი დიპლომატი “პერსონა ნონ გრატად” გამოაცხადა. აღნიშნული ინფორმაცია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაადასტურეს.

”1961 წლის 18 აპრილის დიპლომატიური ურთიერთობის შესახებ ვენის კონვენციის მე -9 მუხლის თანახმად, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო დღეს ბერლინში რუსეთის საელჩოს ორ თანამშრომელს” პერსონა ნონ გრატად” აცხადებს, ეს სტატუსი დაუყოვნებლივ ამოქმედდება”, – ციტირებს სააგენტო “ინტერფაქსი” გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის სიტყვებს.

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ სლუცკიმ დიპლომატების გაძევების გამო, რუსეთის მხრიდან სარკისებური, ადეკვატური და სიმეტრიული რეაგირება არ გამორიცხა. დეპუტატმა ამის შესახებ სააგენტო “ინტერფაქსს” განუცხადა.

მისი თქმით, გერმანიაში რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომლის გაძევება “რუსოფობიური ისტერიით მოქმედება” და  ბერლინის მხრიდან გადადგმული “არამეგობრული ნაბიჯია”.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ გერმანიის გენერალური პროკურატურა, რომელიც ბერლინში გახმაურებულ მკვლელობას იძიებს, ვარაუდობს, რომ ეს დანაშაული შესაძლოა რუსეთის ფედერაციის ან ჩეჩნეთის სახელმწიფო ორგანოების დაკვეთით ჩაიდინეს.

”დღეს, 2019 წლის 4 დეკემბერს, გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის გენერალურ პროკურატურას დაეკისრა გამოძიება 2019 წლის 23 აგვისტოს რუსეთისა და საქართველოს მოქალაქის თორნიკე კ.-ს მკვლელობის ფაქტზე”, – ნათქვამია გენერალური პროკურორის განცხადებაში.

საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში 23 აგვისტოს მეჩეთისკენ მიმავალ გზაზე მოკლეს. თავდამსხმელმა მას ორჯერ ესროლა, რის შედეგადაც ხანგოშვილი ადგილზე გარდაიცვალა.

ცნობისთვის, ზელიმხან ხანგოშვილი”ნაცმოძრაობის” ხელისუფლების პერიოდში, 2012 წელს, ლოპოტას ხეობაში ჩატარებულ “ლაფანყურის სპეცოპერაციაში” ფიგურირებდა.

არაოფიციალური ინფორმაციით, მოკლული ხანგოშვილი ის პირი იყო, ვინც  2012 წლის აგვისტოში სპეცოპერაციის შემდეგ,  ქართველ სამართალდამცავ უწყებებსა და შეიარაღებულ ჩეჩნებს  შორის შუამავლობა იკისრა. რამდენიმე წლის შემდეგ, 2015 წელს ზელიმხან ხანგოშვილს თბილისში “გაგარინის მოედანზე” ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, რის შემდეგ მან საქართველო დატოვა.

ასევე, არაოფიციალური ინფორმაციით, ის რუსეთ-ჩეჩნეთის ომში მონაწილეობდა, რის გამო რუსეთის ფედერაციის პოლიციამ ხანგოშვილი ძებნილად გამოაცხადა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად