გერმანია სათბური გაზების შემცირებისთვის საქართველოს 2 მილიონ ევროს გამოუყოფს

ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„საქართველო არის პარიზის შეთანხმების მონაწილე 2015 წლიდან და ჩვენი ავიღეთ უპირობო ვალდებულება, რომ 90-იანი წლების მაჩვენებელთან შედარებით ჩვენ სათბური გაზების ემისიების ზრდას 15%-ით შევამცირებდით ქვეყანაში, შესაბამისი საერთაშორისო დაფინანსების შემთხვევაში ეს იქნებოდა 25%-იანი შემცირება.

ჩვენ გერმანიის გარემოს დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით მივიღებთ მნიშვნელოვან ფინანსურ დახმარებას, რომელიც საშუალებას მოგვცმს აზოტმჟავას წარმოების შედეგად წარმოქმნილი სათბური გაზების შემცირება მოვახდინოთ. განსაკუთრებით აქტუალურია ეს იმ პირობებში, როდესაც რუსთავის ჰაერის მდგომარეობა გვაწუხებს.

ეს არის აქტუალური მიმართულება, რაზეც სახელმწიფო უკვე მუშაობს. შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, შეიქმნა საინიციატივო ჯგუფთან მჭიდრო თანამშრომლობის ფორმატი თვითონ რუსთაველებთან იმისთვის, რომ მუშა პროცესი იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომი.

ეს არ არის ერთი დღის საკითხი. როგორც სხვა მნიშვნელოვანი გარემოს დაცვით მიმართულებას სჭირდება ალბათ, რამდენიმეწლიანი პერსპექტივა. ეს ეხება ეკონომიკურ საქმიანობას და, რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია ეკონომიკური სუბიექტების შესაძლებლობებიც.

თუმცა, აპრიორი მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ბუნება და გარემო შევინარჩუნოთ სუფთა სახით. ჩვენ ამ გრანტით მივიღებთ 2 მილიონი ევროს დაფინანსებას გერმანიის მთავრობისგან. სააქციო საზოგადოება „რუსთავის აზოტი“ დამატებით დააფინანსებს მეორე 50%-ს – 2 მილიონ ევროს. საბოლოოდ, 4 მილიონი ევროთი მოხდება ახალი ტექნოლოგიების დამონტაჟება, რომელითაც საშუალებას მოგვცემს სათბური გაზების დამჭერი ტექნოლოგიები განთავსდეს.

ეს მთელი ქვეყნის სათბური გაზების 4-5%-ით შემცირების საშუალებას მოგვცემს. რუსთავისთვის ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარღვევა. თუმცა, ეს არის ერთ-ერთი ელემენტი ზოგადად რუსთავის ჰაერის მართვის პოლიტიკის შემუშავების გზაზე, რომელიც სამუშაო ჯგუფის ფორმატში ჩამოყალიბდება.

ეს იქნება იმგვარი კომპლექსური დოკუმენტი, როგორიც ჩვენ გვაქვს თბილისის ჰაერის მართვასთან დაკავშირებით, რომელიც ეტაპობრივად არსებულ პრობლემებს მოგვიგვარებს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად