გერმანია და ბრიტანეთი ამ ეტაპზე რუსეთის ”დიდ რვიანში” დაბრუნებას გამორიცხავენ

ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი ამ ეტაპზე რუსეთის “დიდ რვიანში” ( G8) შესაძლო დაბრუნებას და ფორმატის აღდგენას გამორიცხავს. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი სოლსბერში, უკრაინასა და სხვა ადგილებში ”პროვოკაციებს” აწყობს. ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

”რაც შეეხება რუსეთს და G7- ს. ვიცი, რომ რუსეთის დასაბრუნებლად გარკვეული ნაბიჯები იდგმება”,- განაცხადა ჯონსონმა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან ბერლინში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

”იმის გათვალისწინებით, რაც სოლსბერში მოხდა, იმის გათვალისწინებით, რომ ბრიტანეთის ტერიტორიაზე ქიმიური იარაღი გამოიყენეს, იმის გათვალისწინებით, რომ არასტაბილური ვითარებაა, ომია უკრაინაში, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის პროვოცირებები მსოფლიოს ბევრ სხვა ქვეყანაშია, ვფიქრობ, რომ მოსკოვის G7- ში დაბრუნებაზე საუბარი ნაადრევია”, – განაცხადა ბრიტანეთის პრემიერმა.

ჯონსონმა აღნიშნა, რომ მისი აზრი ანგელა მერკელის პოზიციას ემთხვევა.

თავად გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ ვიდრე მინსკის შეთანხმებების შესრულებაში პროგრესი არ შეინიშნება, რუსეთის “დიდ რვიანში” შესაძლო დაბრუნებაზე საუბარი ნაადრევია.

მისი თქმით, როდესაც ქვეყანა G8– დან გააძევეს, ეს უკრაინაში არსებულ ვითარებასთან იყო დაკავშირებული. მერკელის თქმით, სიტუაცია შესაძლოა შეიცვალოს, თუ დონბასში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით სერიოზული პროგრესი იქნება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...