გენო პეტრიაშვილმა სირიის სახელით მოჭიდავე აფხაზ ბაჯა ხუტაბას სძლია

ნურ-სულთანში მიმდინარეობს მსოფლიო ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში

გუშინ 57-65 კგ წონით კატეგორიებში ოთარ გოგავა და ვლადიმერ ხინჩეგაშვილი საწყის ეტაპზე გამოეთიშნენ ასპარეზობას და ვერც მედლის და ვერც ოლიმპიური ლიცენზიის მოპოვება ვერ შეძლეს.

დღეს საჭიდაო ხალიჩებზე 70-74-92-125 კგ წონითი კატეგორიის ფალავნები გამოდიან.

70კგ წონით კატეგორიაში ზურაბ იაკობიშვილმა საკვალიფიკაციო ეტაპზე მოლდოველ მიჰაილ სავას სძლია 2:1, მეოთხედფინალში რუს დავიდ ბაევთან კი დამარცხდა 0:7. რუსის ფინალში გასვლის შემთხვევაში იაკობაშვილი რეპეშაჟიდან იბრძოლებს ბრინჯაოს მედლისთვის.

74კგ წონით კატეგორიაში ყველასთვის მოულოდნეული მარცხი იწვნია ავთანდილ კენჭაძემ. ფრანგ ზელიმხან ხაჯიევთან შეხვედრის პირველივე წამებზე მისი მცირედი უყურადღებობით ისარგებლა ფრანგმა და ოთხქულიან ილეთით სუფთა მოგებამდე შეხვედრის მიყვანას კენჭაძე დიდი ძალისხმევით გადაურჩა. დგომში ჭიდაობის გაგრძელებამდე მას კიდევ ორი ქულის დათმობა მოუხდა და ანგარიში 0:6 გახდა. ერთადერთი, რაც კენჭაძემ შეძლო, ეს იყო ხადჯიევისთვის ბოლო წუთის დაწყებისას ორი ქულის ართმევა. ხაჯიევი ბოლომდე კარგად იცავდა თავს, ბოლო წამებზე კი კონტრშეტევისას კიდევ ორი ქულა აიღო და გაიმარჯვა 8:2.

ფრანგმა შემდეგ შეხვედრებშიც იმარჯვა, ნახევარფინალში გავიდა და იქ ორგზის მსოფლიო ჩემპიონ იტალიელ ფრენკ ჩამიზოსთან მოგების შემთხვევაში ავთანდილ კენჭაძე მიიღებს რეპეშაჟიდან ბრძოლის გაგრძელების და ბრინჯაოს მედლის და/ან ოლიმპიური ლიცენზიის მოპოვების შანსს.

92კგ წონით კატეგორიაში მწითურმა უნგრელ ბენდექუს ტოტს 8:0 სძლია, მეოთხედფინალში იაპონელ ტაკუმა ოცუს – 5:0 და ნახევარფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ამერიკელი ჯეიდენ კოქსი იქნება

125 კგ წონით კატეგორიაში მერვედფინალურ შეხვედრაში გენო პეტრიაშვილმა აშკარა უპირატესობით სძლია კოსოვოელ ეგზონ შალას – 13:2, მეოთხედფინალში სირიის მოქალაქეობის მქონე აფხაზ ბაჯა ხუტაბას შეხვდა 14:4 დაამარცხა იგი და ნახევარფინალში გავიდა.

გენო პეტრიაშვილის მეტოქე ნახევარფინალში უკრაინელი ოლექსანრ ხოციანოვსკი იქნება. ნახევარფინალში გასვლით გენო პეტრიაშვილმა ოლიმპიური ლიცენზია გაინაღდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად