გენო პეტრიაშვილის ზედიზედ მესამე ოქროს მედალი მსოფლიო ჩემპიონატზე (ვიდეო)

დღეს, ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანში, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა გაიმართა 125 კგ წონითი კატეგორიის მოჭიდავეთა შორის

მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონის ტიტულს ერთმანეთს ეცილებოდნენ მძიმე წონაში უკანასკნელი წლების ყველაზე ძლიერი და ტიტულოვანი ფალავნები: ოლიმპიური, ორგზის მსოფლიო და ექვსგზის ევროპის ჩემპიონი, თურქი ტაჰა აკგული და ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი, ორგზის მსოფლიო და ერთგზის ევროპის ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი.

ტაჰა აკგულის მიერ არჩეულმა ტაქტიკამ, ყოფილიყო ძალზე ფრთხილი და მხოლოდ კონტრშეტევებზე აეწყო თავის ჭიდაობა, 4 წუთის და 20 წამის განმავლობაში სრულად გაამართლა: აკგული 4:0-ს იგებდა პეტრიაშვილი კი ქულების აღებას ვერ ახერხებდა. 4:40-ზე აღებული ორი ქულის შემდეგ, ბოლო წუთის დაწყებამდე რამდენიმე წამით ადრე, აკგულმა პეტრიაშვილის ფეხში შესვლა მოახერხა. კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფმა პეტრიაშვილმა თავიც კარგად დაიცვა და რთული მდგომარეობიდან მეტოქეს 4 ქულაც აართვა, თუმცა აკგულმა მაშინვე დაიბრუნა 2 ქულა და შეხვედრის დასრულებამდე 40 წამით ადრე იგი კვლავ წინ იყო – 6:4.

შეხვედრის დასრულებამდე 19 წამი რჩებოდა, როდესაც პეტრიაშვილმა აკგულის ფეხი მოიგდო ხელთ. ეს უკანასკნელი 10 წამის მანძილზე არ აძლევდა მეტოქეს ილეთის დასრულების საშუალებას, მაგრამ პეტრიაშვილმა იძალა, შეხვედრის დასრულებამდე 9 წამით ადრე მოახერხა და გაათანაბრა ანგარიში.

ფრედ დამთავრებულ შეხვედრაში გამარჯვება ბოლო ილეთის წესის გამო პეტრიაშვილს მიეკუთვნა და იგი ზედიზედ მესამედ გახდა მსოფლიო ჩემპიონის ოქროს მედლის მფლობელი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად