გენმოდიფიცირებულ პროდუქციაზე ნიშანდება “გმ”-ს მითითება სავალდებულო გახდა

1 ივლისიდან ძალაში შევიდა საქართველოს კანონი “სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტების ეტიკეტირების შესახებ”, რომლის მიზანია, მომხმარებლის ინფორმირება სურსათში გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების არსებობის შესახებ. 

ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ მომხმარებელს ექნება არჩევანის თავისუფლება, ვინაიდან ის იქნება ინფორმირებული, სურსათი გენმოდიფიცირებულია თუ არა.

აღნიშნული კანონი არეგულირებს ეტიკეტზე განსათავსებელ ინფორმაციას. კერძოთ, თუკი სურსათის შემადგენლობაში არსებული გენეტიკურად მოდიფიცირებული კომპონენტები საერთო მასის 0,9%-ზე მეტია, მაშინ ეტიკეტის მარცხენა ზედა კუთხეში უნდა იყოს მითითებული წარწერა „გმ“. კანონის მიხედვით, ეს ნიშანდება მომხმარებლისთვის ადვილად აღქმადი და თვალსაჩინო უნდა იყოს. თუკი სურსათის ეტიკეტირება შეუძლებელია, თანმხლებ დოკუმენტაციაში უნდა იყოს მითითებული ინფორმაცია გენმოდიფიცირებულობის შესახებ.

ეტიკეტირების წესის დარღვევა საქართველოს კანონმდებლობით ჯარიმდება 5 000 ლარის ოდენობით. განმეორების შემთხვევაში ჯარიმა ორმაგდება და ბიზნეოპერატორს 10 000 ლარის გადახდა მოუწევს. სურსათი, რომლის ეტიკეტზეც არ იქნება მითითებული ‘გმ’ და ლაბორატორიული კვლევით აღმოჩნდება გენმოდიფიცირებული, ექვემდებარება განადგურებას. თუკი ბიზნესოპერატორი არ გაანადგურებს ასეთ სურსათს, სურსათის ეროვნული სააგენტოს მოთხოვნით იგი დაჯარიმდება 10 000 ლარით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...