გედევან ფოფხაძე: ვერ გეტყვით, რომ ჩემთვის ყველა მოსამართლეობის კანდიდატი მიუღებელია

“უკვე რამდენიმე ოდიოზური გვარი ამოვიკითხე ამ სიაში, რომლებიც ჩემი აზრით, არ უნდა ყოფილიყვნენ, თუ კლანს არ ჰქონდა ამოცანა, რომ უნდა გაემეორებინა ის, რაც დეკემბერში იყო დასახული.”

ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა იუსტიციის საბჭოს მიერ გასაჯაროვებულ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კონკურსში მონაწილე პირთა სიის კომენტირებისას.

​ამის მიუხედავად, გედევან ფოფხაძე მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, თავად იუსტიციის საბჭო აღნიშნული სიიდან ვის წარადგენს პარლამენტის წინაშე დასამტკიცებლად.

“ჯერ მაინც უნდა დაველოდოთ, თვითონ უმაღლესი იუსტიციის საბჭო ვის შესთავაზებს პარლამენტს წარმოდგენილი სიიდან. ვერ გეტყვით, რომ ჩემთვის ყველა ადამიანი მიუღებელია ამ სიაში. რამდენიმე ისეთი ადამიანიც დავინახე, რომლებიც, ჩემი აზრით, თუ შემოვა პარლამენტში, მხარდაჭერა ექნება”-თქვა გედევან ფოფხაძემ.

ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დაასრულა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანსიაზე განცხადებების მიღება, რომელიც ელექტრონულად 11 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით მიმდინარეობდა. განცხადების მიხედვით, 144 კანდიდატია, მათ შორის არ არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე დიმიტრი გვრიტიშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად