გედევან ფოფხაძე: ვარ მაჟორიტარი და შესაბამისად, ვანო ზარდიაშვილთან ერთად სიაში არ ჩავწერილვარ

​საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრის გედევან ფოფხაძის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის მიერ გუშინდელ ინტერვიუში გაკეთებული აქცენტების დიდი ნაწილი ფაქტობრივ ცდომილებას წარმოადგენს.

​ როგორც გედევან ფოფხაძემ ტვ “პირველთან” ინტერვიუში განაცხადა, ინტერვიუში მოყვანილი იყო ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც ადგილი არ ჰქონდა.

“დაწყებული იქიდან, რომ პირველი პრეცედენტი, როდესაც ეკა ბესელიამ, მე, იგივე შალვა შავგულიძემ დავაფიქსირეთ ჩვენი უარყოფითი პოზიცია სასამართლოსთან დაკავშირებით, ეს იყო ჯერ კიდევ 2013 წელს, როდესაც იუსტიციის საბჭოს ფორმირების წესთან დაკავშირებით კანონპროექტი შემოვიდა. მაშინ ჩვენი მხრიდან იყო მკვეთრი უარყოფითი პოზიცია. ამაზე საუბარი ძალიან უხერხულია ახლა, რომ ვითომ ჩვენ დღეს დავიწყეთ ამაზე ლაპარაკი”. განაცხადა გედევან ფოფხაძე.

პარლამენტარის თქმით, გუნდის შიგნით ის მაშინ აქტიურობდა, თუმცა გუნდის ერთი ნაწილის მიერ იყო დადგენილი სტანდარტი, რომ გუნდის გარეთ განსხვავებული პოზიციის დაფიქსირება გუნდის და ლამის სამშობლოს ღალატად ითვლებოდა.

“ჩვენ გუნდის შიგნით რასაც ვამბობდით, დღეს გამოდის, რო იმ საუბრებს და პოზიციების დაფიქსირებას აზრი არ ჰქონია. მე ბიძინა ივანიშვილთან კერძო საუბრებიც მქონია და თუ მას ეს არ ახსოვს, ნამდვილად არ მიმაჩნია, რომ ეს ჩემი პასუხისმგებლობაა. როდესაც ის საუბრობს, რომ ვანო ზარდიაშვილის მიმართ ჩვენ პრეტენზიები არ გვქონდა და თურმე, ის სიაში მისი ჩაწერის დროს უნდა გამოგვეთქვა, ესეც არასწორია.

მე მას შევახსენებ, რომ მე სიით გასული დეპუტატი არ ვარ, ვარ მაჟორიტარი და შესაბამისად, ვანო ზარდიაშვილთან ერთად სიაში არ ჩავწერილვარ. ვანო ზარდიაშვილი ვინ იყო, ნამდვილად არ ვიცოდი. ის რომ ყოფილიყო პეტრე მელიქიშვილი ან ივანე ჯავახიშვილი, მათი ბიოგრაფიის ცოდნა მომეთხოვებოდა, მაგრამ ვანო ზარდიაშვილის ბიოგრაფია რატომ უნდა მცოდნოდა? რაც შეეხება უკვე პარლამენტის მოწვევას, როდესაც იქ რაღაცეების გადაადგილება არ მომეწონა, ჩემი პირველი პროტესტი მაშინ იყო, შემეხვდა გიორგი კვირიკაშვილი, ვისაუბრეთ ერთმანეთთან და მაშინ გამოვთქვი ჩემი პოზიცია, რომ მიდის “ქართული ოცნების” ნაციონალიზაცია და ეს პროცესი არ იყო ჩემთვის მისაღები. ასეთ შემთხვევაში, გუნდში ჩემს ადგილს ვერ ვხედავდი. რომ არა გიორგი კვირიკაშვილის ჩემი დაიმედება, მე უკვე მაშინ ვაცხადებდი პროტესტს” განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...