გედევან ფოფხაძე: თუ ხაზარაძე მეორე ივანიშვილი გახდება, ეს წრეზე ტრიალია, რაზეც საქართველო აღარ უნდა წავიდეს

ხაზარაძე როგორც პოლიტიკოსი ჩემთვის მისაღები არ არის, – ასეთი შეფასება გააკეთა “აიპრესთან” ინტერვიუში პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა და პარტია “სამართლიანობისათვის” ერთ-ერთმა ლიდერმა გედევან ფოფხაძემ.

ფოფხაძე ამბობს, რომ ხაზარაძეს როგორც ბიზნესმენს უთანაგრძნობს და ეს მისთვის იმის მაჩვენებელია, რომ ხელისუფლება ბიზნესს ატერორებს.

“ამ შემთხვევაში მე მამუკა ხაზარაძეს, როგორც ბიზნესმენს თანავუგრძნობ და ეს არის ჩემთვის იმის მაჩვენებელი, რომ ხელისუფლება ბიზნესს ატერორებს. მაგრამ, მამუკა ხაზარაძე, როგორც პოლიტიკოსი ჩემთვის მისაღები არ არის.

პირველ ნაწილში მამუკა ხაზარაძეს ყველანაირად სოლიდარობას ვუცხადებ და მიმაჩნია, რომ ის არ უნდა დაისაჯოს, მაგრამ თუ ის პოლიტიკაში შემოვიდა და მეორე ივანიშვილი გახდება, მე ეს მიმაჩნია ერთ წრეზე ტრიალი. ამ წრეზე მე მგონი საქართველო არ უნდა წავიდეს. მსხვილი ფინანსური დაჯგუფება არ უნდა გახდეს ქვეყნის მეპატრონე. ჩვენ ან ვთანხმდებით იმაზე, რომ უნდა მივიღოთ სახალხო მთავრობა, ან ამ ნიუანსებში შესვლაზე – ოღონდ ბიძინა ივანიშვილი წავიდეს და ყველას შევეკვრები, ჩემთვის მისაღები ფორმა არ არის”, – გვითხრა გედევან ფოფხაძემ, რომელთან ინტერვიუს სრულ ვერსიასაც მკითხველს დღეს საღამოს შევთავაზებთ.

შეგახსენებთ, მამუკა ხახარაძემ გადაცემა “რეაქციისთვის” მიცემულ ინტერვიუში იმ შეხვედრის დეტალები გაიხსენა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სახლში მისი და ვანო ჩხარტიშვილის მონაწილეობით შედგა. ბიზნესმენი იმ დეტალებსაც ყვება, როგორ გამოატანინეს მას საკონსტიტუციო სასამართლოდან სარჩელი.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად