გედევან ფოფხაძე: მიშას ფლანგს ისევ მბრძანებლობა უნდა, ივანიშვილის გარემოცვა კლანურ სქემებს ალაგებს (ინტერვიუ)

გუშინ პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები. დეპუტატების ნაწილმა კენჭისყრაში მონაწილეობა საერთოდ არ მიიღო. მათ შორის ასეთი დეპუტატი იყო ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრი გედევან ფოფხაძე, რომელიც „აიპრესთან“ ინტერვიუში თავისი გადაწყვეტილების მოტივაციაზე საუბრობს.

_ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით არ მიიღეთ თუ არა კენჭისყრაში მონაწილეობა. რატომ?  მასთან დაკავშირებით შენიშვნები გაქვთ?

_ რა პაკეტიც შემოვიდა ის პაკეტი არ ემსახურება იმ მიზანს, რაც დეკლარირებულია. რაც შეეხება იმას, რომ ქალთა კვოტები გვჭირდება, ამაზე კი არ უნდა გველაპარაკა არამედ იმაზე, რომ ძალოვნები თუ ერევიან პროცესში. უნდა გველაპარაკა იმაზე, ეს რა გავლენას ახდენს გნებავთ ქალთა ჩართულობაზე, გნებავთ დემოკრატიულ პროცესზე და იმაზე, რომ დეპუტატი, რომელიც უნდა იყოს ხალხის მსახური, რამდენად რჩება ხალხის მსახურად და რეალობა რაც არის ისაა, რომ ეს დეპუტატი შემდეგ ხდება იმის მსახური, ვინც პარლამენტში შეიყვანა – ეს არის უშიშროება, ფულის ტომარა, ვიღაცა გავლენიანი, მაგრამ არა ქართველი ხალხი.

_ ანუ, ამ პროექტით, ოპოზიციას, რომელსაც მუდმივად ჰქონდა ხოლმე პრეტენზია, ამის აღმოფხვრა არ ხდება?

_ იგულისხმება, მაგრამ თუ ჩვენი მიზანი არის, რომ ქვეყანაში გვინდა დემოკრატიული პოლიტიკური პროცესი, ჩვენ უნდა გველაპარაკა მაგაზე წინასაარჩევნოდ. რაღაცა ტექნიკური ცვლილებები. ვის რად უნდა დაფინანსების გაზრდა ან არგაზრდა, როდესაც მილიონები იხარჯება საარჩევნო პროცესში და ხარჯის ის  ოფიციალური ნაწილი, რაც დეკლარირებული აქვთ პარტიებს და რასაც იღებენ სახელმწიფოსგან არაფერი არ არის იმასთან შედარებით რა რესურსსაც ხარჯავს „ქართული ოცნება“, „ნაციონალური მოძრაობა“ და ბუნებრივია მამუკა ხაზარაძეც დიდ თანხებს დახარჯავს და ახლა ამ ფონზე ქართველი ხალხი, როგორც ამომრჩევლის ფაქტორი ქრება და ამაზე არავინ არ ლაპარკობს.

_ ანუ იმაზე მიანიშნებთ, რომ ფინანსების ხარჯვის ლიმიტირება უნდა მოხდეს საარჩევნო პროცესში?

_ არა, ლიმიტირებაზე არ ვსაუბრობ. მე ვსაუბრობ იმაზე, რომ ჩვენ თავიდანვე უნდა შევთანხმებულიყავით იმ საარჩევნო სისტემაზე, სადაც ფულის ფაქტორი არ იქნება, ისევე როგორც ამომრჩეველზე ძალადობის თუ მოსყიდვისა და დაშინების ფაქტორები მინიმალურ დონეზე იქნებოდა მიყვანილი. ამის გაკეთება მარტივად შეიძლება.

_ ძალადობა გასაგებია, მაგრამ ფულის ფაქტორის მინიმუმადე დაყვანა რანაირად უნდა მოხერხდეს? განუმარტეთ ჩვენს მკითხველს თუ შეიძლება.

_ ჩვეულებრივად. როდესაც ხდება თანხების გაცემა და ამას არავინ არ აკონტროლებს, მაგაზე მაქვს საუბარი.

_ ფინანსების ნაწილში ეფექტიან მონიტორინგზე საუბრობთ?

_ ხოდა მაგას არავინ არ გააკეთებს. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ეგ აწყობთ ძირითად მოთამაშეებს ეს პროცესი. დანარჩენ პარტიებს ფინანსები მაინც არ გვაქვს და ვინ უნდა მოვისყიდოთ?! ჩვენ მაგ კუთხით არც არავინ გვიყურებს. მათ ამ ფინანსური უპირატესობიდან გამომდინარე პოლიტიკური პროცესიდან ჩვენი ჩაჩოჩება უნდათ. საბოლოო შედეგი ის არის, რომ ქართველი ხალხი რჩება ამ პროცესის მიღმა. არჩევნებზე ხდება მოლაპარაკება იმაზე, რომ მე მივცემ 100 ლარს თუ 50-ს. არჩევნების შემდეგ კი ჩემს ხელში ხარ, შენ კი არ გადამიხადე ფული, არამედ მე გადაგიხადე შენ და დავამთავრეთ ამით ურთიერთობა. მაგიტომ ვებრძვით ხელისუფლებას, წინასაარჩევნოდ იყიდა ხმები, მაგრამ არავის არ აქვს მორალური ვალდებულება, რომ მას ემსახუროს. ამაზე არავინ არ ლაპარკობს. თამაშის წესების შეცვლა არავის არ უნდა.

_ რატომ არ უნდათ? მათ შორის ოპოზიციას რატომ არ უნდა?

_ ოპოზიციის დიდ ნაწილს, რომელიც სააკაშვილის ფლანგზეა, იმიტომ არ უნდა, რომ ისინი იყვნენ მბრძანებლები და ახლაც უნდათ, რომ ივანიშვილი შეცვალონ და მოვიდნენ ისევ როგორც მბრძანებლები.

_ „ქართულ ოცნებას“ რაც შეეხება?

_ იმიტომ, რომ დეფაქტო ხელისუფლებაა და მაგ მეთოდებით მართავს ქვეყანას. ივანიშვილის გარემოცვაა ჩხარტიშვილი და ოდიოზური ფიგურები, რომლებიც ფულს ატრიალებენ. მამაცაშვილი და ა. შ. რომლებიც სიტაუციებს „ალაგებენ“. კლანურ სქემებს ალაგებენ.

მიშა თუ მოვა, ვისთან დაიწყებს ლაპარაკს? ისევ იმ ხალხთან და ფინანსურ ინსტიტუტებთან, ვინც ფულს აძლევდნენ და  „ობშიაკებს“ აკეთებდნენ. იგივე უნდა ივანიშვილსაც, იყიდოს ამომრჩეველი და მერე 4 წელი დაისვენო ამომრჩევლისგან. რაში მჭირდება ისეთი ცვლილებები, რაც ფასადურ შელამაზებას ემსახურება და არა იმას, რომ ხალხი აკეთებდეს არჩევანს. ჩვენ არ გვინდა პოლიტიკოსები, რომლებიც მოსყიდვით აირჩეს და მერე ის ვეღარ მოემსახუროს ხალხს.

უმრავლესობის წევრები სხედან და ელოდებიან დირექტივას, რა დირექტივა მოუვათ ივანიშვილისგან. პოლიტიკური ინიციატივა განულებულია მათი მხრიდან. როდესაც ჩამოვივლი და ვაყენებ ინიციატივას, რომ ქართველ ხალხს სჭირდება სამართლიანი და სწორი ინიციატივა და ეს გავაკეთოთ, მათ არ აქვთ ინის ნება და რესურსი, რომ ამ გადაწყვეტილებაში გამომყვნენ და მონაწილეობა მიიღონ. მომავალი პარლამენტიც თუ ასეთი იქნება, რომ ხალხის ფაქტორი განულებულია და ვიღაცა გავლენიანი პირების ინტერესი ტარდება, მაშინ არ ვიცი რა მომავალს ვთავაზობთ ქართველ ხალხს. პოლიტიკა ქართველი ხალხის გარეშე? ეს უნდათ და ამ გზით უნდათ, რომ წავიდეთ?! მე არ მაწყობს ეს და მე ამას ვერ მივიღებ.

სტატიის ავტორი იაგო ნაცვლიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად