“გაზპრომთან” ვიქცეოდით საქმიანად და როგორც ჩანს, ძალიან მაგარი კონტრაქტი დაგვიდია”

"ჩვენ მივდივართ მსოფლიო თანამეგობრობის საპირისპიროდ",- ასე შეაფასა "აიპრესთან" ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, მიხეილ მაჭავარიანმა "გაზპრომთან" საქართველოს მთავრობის ურთიერთობა. მისი თქმით, ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის მიერ ფარულად ჩატარებული შეხვედრები "გაზპრომის" წარმომადგენლებთან ძალიან ბევრ ეჭვს აჩენს. 

"პირველ რიგში, ძალიან ბევრი ეჭვი გჩნდა, როდესაც ენერგეტიკის მინისტრმა კალაძემ დამალა ეს შეხვედრა. სხვა საფუძველი დაუდო შეხვედრას, მოიტყუა და ამ ერთი თვის განმავლობაში იტყუება. ეს ადამიანი მუდმივად იტყუება. ტარიფებზე რომ იტყუებოდა და ეს ვიცით. ენერგეტიკა რომ ჩამოშალა ზამთარში ამას ვხედავთ.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის უბრალოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება. მაშინ, როდესაც ევროპა, უკრაინა, თურქეთი  და სხვა ქვეყნები, რუსეთზე ენერგოდამოკიდებულებას წყვეტენ მაშინ ჩვენ პირიქით. ანუ ჩვენ მივდივართ მსოფლიო თანამეგობრობის საპირისპიროდ. მაშინ, როდესაც ეს ადამიანები ევროპაში, უკრაინაში, თურქეთში ამბობენ, რომ არ შეიძლება პუტინმა გაზი და ნავთობი გამოიყენოს, როგორც ეკონომიკური და პოლიტიკური ბერკეტი რა აკეთებსკალაძე? რა თქმა უნდა, ის ამას არ გააკეთებდა ივანიშვილის დავალება რომ არ იყოს. პირდაპირ აფორმებს ხელშეკრულებას გაზპრომთან. რაც მთავარია, თქვენ, ისევე როგორც მე, პარლამენტის წევრმა არ ვიცით საბოლოო ჯამში რას აკეთებს კალაძე. ეს კანონისა და კონსტიტუციის დარღვევაა. როგორც მინისტრი კონსტიტუციით ვალდებულია ანგარიში ჩააბაროს პარლამენტს",- განაცხადა მაჭავარიანმა. 

უმცირესობის წევრმა იმ საკითხებზეც ისაუბრა, რომელიც წინა მთავრობის დროს "გაზპრომთან" ურთიერთობას ეხება. მაჭავარიანის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა" ამ ურთიერთობას არასდროს მალავდა, პირიქით, ლაპარაკობდა ამაზე. 

როგორც აღმოჩნდა, რაზეც ჩვენ ძალიან ბევრს გვაკრიტიკებენ, ჩვენ გვქონია ყველაზე კარგი ხელშეკრულება დადებული გაზპრომთან იმიტომ, რომ ჩვენ ფულად კი არ ვართმევდით, არამედ გაზს ვიღებდით. ჩვენ გაზით უფრო მეტი ბენეფიტი გვქონდა, ანუ სარგებელი ჰქონდა ჩვენს მოსახლეობას, ვიდრე უბრალოდ ფული რომ გამოგვერთვა რუსეთისთვის.

ამ პერიოდში ჩვენ მოვახერხეთ და მართლაც უნიკალური ხელშეკრულება გავაფორმეთ ჩვენს მეგობართან, აზერბაიჯანთან . აზერბაიჯანი ისეთ დროს დაგვეხმარა და ისეთი ფასით მოგვცა გაზი…

დღეს ჩვენ გვეუბნებიან, რომ კომერციული ტარიფი არის 190 დოლარი აზერბაიჯანთან და 210 დოლარად არის რუსული გაზი. აზერბაიჯანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მას აქვს გაზი და შეუძლია, მოგვაწოდოს, აწიოს მილში წნევა. ამ დროს იტყუება კალაძე და ამბობს, რომ ვერ გამოატარებს ამ გაზს და ა.შ. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში მთავრი თემა არა გაზპრომთან თანამშრომლობაა, არამედ ის, რომ ჩვენ შეგვიძლია უფრო იაფად ვიყიდოთ გაზი. გაზპრომთან ჩვენ კი არ ვთანამშრომლობდით იყო მილი. მილი ეს არის ფაქტი. არის საქართველოს ტერიტორიაზე ბოლო 40 წელია, უბრალოდ ჩვენ გაზპრომთან ვიქცეოდით საქმიანად და როგორც ჩანს, დაგვიდია ძალიან მაგარი კონტრაქტი. ჩვენ კი არ ვმალავდით, ჩვენ ვლაპარაკობდით ამაზე",- განაცხადა მაჭავარიანმა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...