“გაზპრომი” მოლდოვას გაზის მიწოდების შეჩერებით ემუქრება

რუსულმა გაზის გიგანტმა კომპანიამ მოლდოვას მკაცრი პირობა დაუყენა: გაზპრომი იმუქრება, რომ მთლიანად შეუწყვეტს გაზის მიწოდებას ქვეყანას, თუ კიშინიოვი ვალს არ დაფარავს და 1 დეკემბრიდან ახალ კონტრაქტს არ მოაწერს ხელს. ამის შესახებ DW წერს.

“გაზპრომმა” შესაძლოა მთლიანად უარი თქვას მოლდოვასთვის გაზის შემდგომ მიწოდებაზე, თუ კიშინიოვი არ გადაიხდის ვალს და არ დათანხმდება ახალი კონტრაქტის პირობებს. ამის შესახებ შაბათს, 23 ოქტომბერს, რუსული ენერგოკომპანიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სერგეი კუპრიანოვმა განაცხადა. მისი თქმით, მოლდოვას ვალი მიწოდებულ გაზზე შეადგენს 433 მილიონ დოლარს და გადახდების დაგვიანების გათვალისწინებით, ვალის მთლიანი ოდენობა იზრდება 709 მილიონ დოლარამდე.

“ამავდროულად, მოლდოვის წარმომადგენლებს რატომღაც არ სურთ დაგროვილი დავალიანების აღიარება. მოლდოვის წარმომადგენლებს ასევე არ მოსწონთ გაზის ფასი, თუმცა აქ ფასები მკაფიო და გამჭვირვალეა”, – განაცხადა კუპრიანოვმა.

ამასთან, კუპრიანოვმა განაცხადა, რომ “გაზპრომი” მზად არის, გააგრძელოს ხელშეკრულება მოლდოვას გაზის მიწოდებაზე ვალის სრული დაფარვით.

“მიუხედავად დაგროვილი ვალებისა, მოლდოვას მხარე ითხოვს გაზის მიწოდების ხელშეკრულების გახანგრძლივებას მიმდინარე წლის ოქტომბერში და ნოემბერში. “გაზპრომმა” კონტრაქტი ოქტომბრისთვის გააფორმა და მზადაა, ნოემბერშიც გააგრძელოს, თუ მოლდოვას მხარე სრულად გადაიხდის მიწოდების საფასურს მიმდინარე წლის სექტემბერსა და ოქტომბერში“, – ამბობს იგი.

კომენტარები
იტვირთება...