გარიგებული მატჩის გამო “ბეთლემის” 4 ფეხბურთელი ფეხბურთს სამუდამოდ ჩამოაშორეს

დღეს, 20 მაისს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა სფფ-ის სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საგანგებო პრესკონფერენცია გამართა.

"მსგავს ფაქტებს, რომელიც საერთო ჯამში აზიანებს ქართულ ფეხბურთს, გულშემატკივრებს, კლუბს და ზოგადად ჩვენს ქვეყანას, ფეხბურთის ფედერაცია ეწინააღმდეგება. მე და ჩემი გუნდი ვართ გარანტი, რომ მსგავს ფაქტებზე, ვისაც არ უნდა ეხებოდეს ის, მწვრთნელებს, ფეხბურთელებს  თუ ხელმძღვანელებს, თვალს არ დავხუჭავთ.

2016 წლის 10 მაისს პირველ ლიგაში ხობის "კოლხეთსა" და ქედის "ბეთლემს" შორის გამართულ მატჩში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სპორტული სამართლიანობის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე გამოითხოვა ვიდეოჩანაწერი. ვიდეოჩანაწერის გაცნობის შემდეგ, ექსპერტთა ჯგუფმა გამოიტანა კომპეტენტური გადაწყვეტილება", – განაცხადა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა.

სადისციპლინო კომიტეტმა კი შემდეგი გადაწყვეტილება მიიღო: დოკუმენტის შესწავლის შემდეგ, კომიტეტმა მიიჩნია, რომ საფეხბურთო კლუბ ხობის "კოლხეთს" და საფეხბურთო კლუბ ქედის "ბეთლემს" შორის საფეხბურთო მატჩში დაირღვა სპორტული სპორტული სამართლიანობის პრინციპი. კერძოდ, საფეხბურთო კლუბ ქედის "ბეთლემის" ფეხბურთელების მხრიდან ადგილი ჰქონდა მატჩის შედეგსა და მიმდინარეობაზე მანიპულირებას, რაც გამოიხატება ავტოგოლით, ფეხბურთლეთა მხრიდან ბრძოლისათვის თავის არიდებით, საკუთარ კართან საფრთხის შემცველი მომენტების შექმნას და მწვრთნელის მიერ უმოქმედობაში.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით ქედის ბეთლემის მოთამაშეებს: ლევან ბეკტაშევს, კარენ მაკარიანს, თემურ ხარებავასა და არჩილ ბაჯელიძეს, ასევე მწვრთნელის ასისტენტს რომალ ქობულაძეს სამუდამოდ აეკრძალათ ფეხბურთთან დაკავშირებული საქმიანობა, ხოლო ქედის „ბეთლემი“ მოიხსნა მიმდინარე გათამაშებიდან, დაქვეითდა დაბალ დივიზიონში და დაჯარიმდა 50 000 ლარით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...