გარემოს დანაგვიანებისთვის 50 ლარიდან – 5 000 ლარამდე ჯარიმაა

დღეიდან ამოქმედდა მკაცრი ჯარიმები გარემოს დანაგვიანებაზე; ამგვარი გადაწყვეტილების მიღება აუცილებელი გახდა იმისთვის, რომ დავამკვიდროთ შესაბამისი ჩვევები გარემოს დასაცავად და თავიდან ავიცილოთ მისი დაბინძურება, – განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა მოსახლეობას შეახსენა გარემოს დაბინძურებისთვის გათვალისწინებული ჯარიმების შესახებ და კიდევ ერთხელ განმარტა ,,ნარჩენების მართვის კოდექსის“ მიზანი.

"კოდექსის მიზანია მოაწესრიგოს ნარჩენების მართვის სფერო. ამ მიზნით დაწესდა საკმაოდ მკაცრი ჯარიმები, რომლებიც დღეიდან ამოქმედდება. გარემოს დანაგვიანებისთვის ჯარიმა იქნება 50 ლარიდან – 5 000 ლარამდე. მნიშვნელოვანია, თითოეულმა მოქალაქემ გააცნობიეროს, რომ გარემოს დაცვა დაბინძურებისაგან ყოველი ჩვენგანის ვალია. ეს არ იქნება რთული, თუ ყველა დავიცავთ ელემენტარულ წესებს და კანონს,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის ინფორმაციით, კოდექსის აღსრულებაზე იმუშავებენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, საპატრულო პოლიცია და შესაბამისი მუნიციპალური სამსახურები საქართველოს ქალაქებსა და რეგიონებში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...