განსხვავებული ხედვები ლევან ყიფიანისგან და გათავისუფლების ბრძანება პრემიერმინისტრისგან

საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2015 წლის 12 იანვრის ბრძანებით, ამავე წლის 1 იანვრიდან თანამდებობიდან გათავისუფლდა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე, თამაზ თევზაძე. გათავისუფლების ოფიციალურ მიზეზად სამინისტროს რეორგანიზაცია დასახელდა. ევროსაბჭოს ექსპერტი სწორედ ამ რეორგანიზაციაში მოყვა.

ამ ყველაფერს წინ უძღოდა შემდეგი გარემოება: 2015 წლის 5 იანვრის მთავრობის დადგენილებით, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დებულებაში ცვლილებები შევიდა. სამინისტროში ჩატარებული ანალიზის შემდეგ გადაწყდა, რომ სამინისტროს უფრო ეფექტურად მუშაობისა და ახალი გამოწვევების – ევროინტეგრაციის პოცესის დასაჩქარებლად და სპორტის და ახალგაზრდობის პოლიტიკის დოკუმენტების ცხოვრებაში გასატარებლად ჩატარებულიყო  რეორგანიზაცია.

სააგენტო "აიპრესი" ესაუბრა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის, სპორტზე პასუხისმგებელ ყოფილ მოადგილეს, თამაზ თევზაძეს, რომელიც მიიჩნევს, რომ რეორგანიზაციის მიზეზით მისი გათავისუფლება მხოლოდ სამართლებრივი მიზეზი იყო, რეალურად კი პრობლემა სულ სხვა რამეში მდგომარეობდა…

თამაზ თევზაძის განცხადებით, სამინისტროში რეორგანიზაციამდე, მისი და მინისტრის ხედვები, ერთმანეთს აღარ ემთხვეოდა. ამიტომ, მან  რამდენჯერმე სცადა პრემიერმინისტრთან შეხვედრა, რათა მისი სპორტის სახელმწიფო მართვის მოდელი გაეცნო. თუმცა შეხვედრა, ვერ ან არ შედგა. ამის შემდეგ,  გადაწყვიტა, პრემიერმინისტრისთის წერილობით მიემართა, თუმცა არც ამან გამოიღო შედეგი.

 _ როგორ ფიქრობთ, რა არის თქვენი განთავისუფლების მიზეზი? ოფიციალურ ბრძანებაში, რომელსაც პრემიერმინისტრი აწერს ხელს, ნათქვამია, რომ თითქოს რეორგანიზაცია განხორციელდა და ამის საფუძველზე გაგათავისუფლეს.

_ რა თქმა უნდა, სამართლებრივი კუთხით ეს არის რეორგანიზაციიდან გამომდინარე. თუმცა ის ხედვები რომელიც იყო ჩვენ შორის, აღმოჩნდა წინააღმდეგობრივი და შესაბამისად, არამარტო ჩემ მიმართ, არამედ დეპარტამენტის თავმჯდომარის და ასევე მასობრივი სპორტის სამმართველოს უფროსის მიმართ მოინდომა ხელოვნურად ჩაეშალა ეს ვერტიკალი. გამომდინარე იქიდან რომ ხედვები რაც იყო უკვე ჩვენს შორის, ანუ რაც დავისახეთ გაგვეკეთებინა, აღარ იყო მისაღები, ვერ ვახორციელებდით და ვიყით წინააღმდეგობაში მასთან.

_ კონკრეტულად სად აცდა თქვენი ხედვები, რა თემებს შეეხო კონკრეტულად საკითხი, რის გამოც მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება?

_ პირველ რიგში, იმ კონცეფციაში აცდა, რომელიც  ერთად მივიღეთ. საუბარია განხორციელების მექანიზმზე, რომელიც  დაკავშირებული იყო კანონთან, ფედერაციების სრულყოფათან, მათ შორის გორის ოლიმპიური კომიტეტის შექმნასთან, ასევე ეროვნული პროგრამების ქვესაბჭოს ხელშეწყობასთან. ანუ მთლიანად სისტემის შექმნა გვინდოდა, შესაბამისად ამის გაკეთება დამუხრუჭდა და დარჩა ისე, როგორც იყო წინა წლებში.

_ ბატონო თამაზ, თქვენ შეეხეთ ფედერაციებს, რომელიც  სამინისტროს „აქილევსის ქუსლია“. კალათბურთის ფედერაციაში სერიოზული პრობლემებია წესდებებთან და ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით, ძიუდოს ფედერაციის თავმჯდომარეს თავისი პრეტნზიები ჰქონდა, ჭიდაობის ფედერაციაშიც ვუყურებდით რაც ხდებოდა, ფეხბურთის ფედერაციაშიც არანაკლები პრობლემებია, რომ მივყეთ თანმიმდევრულად, რამ გამოიწვია ეს პრობლემები?

_ შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ჩემ წინ გაიარა ამ ყველაფერმა. მართვა უნდა გამოსწორებულიყო, ანუ ერთხელ და სამუდამოდ შექმნილიყო მართვის მოდელი, წესდებები მოსულიყო სრულყოფაში და შესაბამისად ეს გვეწერა ჩვენს განსახორციელებელ მექანიზმებში. ჩვენ ვერ მივაღწიეთ და შეიძლება ითქვას არ მივაღწიეთ მინისტრის მოწოდებით, რომ ეს განხორციელებულიყო ცივილიზებულად, ანუ სამართლებლივი კუთხით.    მეორე საკითხი გახლავთ ის, რომ როდესაც ხდება ბიუჯეტის ფორმირება, უნდა ხდებოდეს, არა ისე როგორც ეს ადრეულ წლებში ხდებოდა, არამედ რაღაც საფუძველი  უნდა გვქონოდა, რასაც უნდა დავყრდნობოდით, პარამეტრები ბიუჯეტების შექმნისათვის. ეს არის დაკავშირებული, თითოეული სპორტის სახეობის განვითარების პროგრამასთან და წლიურ ბიუჯეტთან. ფედერაციები არიან მიჩვეულები, რომ იღებენ წლიურ ბიუჯეტს. სპორტის განვითარების პროგრამები განხილული არ ყოფილა. ამისათვის საჭირო იყო საკანონმდებლო ბაზის უზრუნველყოფა, რომელიც იყო დაწერილი ჩვენს კონცეფციაში, იმავე პოლიტიკურ დოკუმენტში და ეს პრობლემები ასახულია  იმ წერილში, რომელიც ბატონ პრემიერმინისტრს მივწერე.

_ წერილზე პასუხი თუ მიიღეთ პრემიერმინისტრისგან?

_ სამწუხაროდ მე პასუხი არ მიმიღია, ბოლო ორი თვის განმავლობაში, სტრატეგიის გადასაწყვეტად ბევრი პრობლემა დაგროვა ურთიერთობის მხრივ. მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ მოეხდინა ხელოვნური რეორგანიზაცია, სადაც ეწერა, რომ უფრო ეფექტური მუშაობისთვის, მოხდა შემცირება.

_ ანუ, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, ლევან ყიფიანი იგნორს უკეთებს კანონებს, ანუ არ შედის მის ინტერესებში, რომ საკანონმდებლო ჩარჩოებში იყოს  ყველაფერი მოქცეული? კალათბურთის ფედერაციაში ჩატარებული პრეზიდენტის არჩევნები საკმაოდ ხმაურიანად ჩატარდა და მთავარი მიზეზი სწორედ კანონის უკულებელყოფა იყო.

_ აბსოლუტურად გეთანხმებით. მე ამას დავარქვი „კალათურთის ფედერაციის საგა“. ეს საგა გაგრძელდა ივნისიდან დაწყებული, დეკემბრის ჩათვლით. ეს იყო ძალიან ცუდი პრეცედენტი და ამას გარკვეული რეზონანსი ქონდა. მე ვერ ვიტყვი, რომ ჩარევა პირდაპირ ხდებოდა, თუმცა ირიბად მაინც იგრძნობოდა. ამის გამოსწორება შეიძლებოდა მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილებებით_. არამხოლოდ კალათბურთის ფედერაციაში, სხვა ფედერაციებშიც იყო გარკვეული „მარგალიტები“, შეცდომები წესდებაში და მე ვთხოვდი მინისტრს, 2013 წლის წესდებები.

_ რა იყო თვითონ ლევან ყიფიანის პასუხი, როცა თქვენ ესაუბრებოდით ამ პრობლემებზე და მათი გადაჭრის ხერხებზე?

_ ის მპასუხობდა, რომ ამას ჭირდება დრო, ფედერაციები არ არიან მზადო. ჩვენ ფედერაციებს ვერ დავავალდბულებთ, თუმცა უნდა მივცეთ რეკომენდაციები. მე მქონდა შეხვედრები ფედერაციებთან, ეს რეკომენდაციები იყო საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტიდან. 2009-10 წლებში გაიმართა კონგრესი და საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა შეიმუშავა რეკომენდაციები ავტონომიურობაზე და სპორტის კარგ მართვაზე. ეს იყო უდიდესი საერთაშორისო მნიშვნელობის ღონისძიებები, სამწუხაროდ ამ პერიოდში საქართველო არ იყო ახლოს ამ რეკომენდაციებთან. ძველი მთავრობა არ დადიოდა ყრილობებზე.

_ ბატონო თამაზ, დიდი ამბავი მოჰყვა ბიუჯეტის გადანაწილებას, რაზედაც ძიუდოს ფედერაციის თავმჯდომარემაც გამოთქვა სერიოზული პრეტენზია. საუბარია იმაზე, რომ ჭადრაკის ფედერაცია დაფინანსდა 38 მილიონი ლარით და დანარჩენი, ბევრად უფრო ნაკლები თანხა გადანაწილდა სხვა ფედერაციებზე.

_ მე პირდაპირ გეტყვით, რომ ეროვნული პროგრამები თოთოეული სპორტის სახეობის არის აუცილებელი. მე ვფიქრობ რომ ეს არის ერთ-ერთი მისასალმებელი ფაქტი, რომ 4 წლიანი პროგრამა მაინც შეიქმნა. აუცილებელია ქვეყანაში იყოს სპორტული პროგრამები. ეს უნდა იყოს ექსპერტიზა გავლილი, რომლის განხორციელების ეფექტური გუნდი არ არის ჩვენს ქვეყანაში. ამის შექმნით დავიწყეთ მე და ბატონმა მინისტრმა, სანამ გავხდებოდით მინისტრი და მინისტრის მოადგილე. ჩემს კონცეფციაში, რომლითაც ჩვენ მოვედით, რომელიც 2014 წლის 4 აპრილს იქნა დამტკიცებული მთავრობის მიერ, სწორედ ის წერია, რომ აუცილებელია სისტემური მიდგომა და გარკვეული ექსპერტიზის გავლის შემდეგ საბიუჯეტო პარამეტრების განსაზღვრა. მე პრემიერმინისტრს შევთვაზე ჩემს წერილში, რომ არ არის აუცილებელი სამინისტრომ ითანამშრომლოს ყველა ფედერაციასთან, უნდა იყოს 7 ძირითადი ფედერაცია, რომელთანაც უნდა ითანამშრომლოს. დღეს არ არსებობს კრიტერიუმები პრიორიტეტული სახეობის დაფინანსებების, ეს პრობლემებია დღეს ქვეყანაში.   ეს არის ჰაერიდან მოტანილი ციფრები და უნდა შემცირდეს 5%-ით. ამისი თვალნათელი მაგალითია, რომ მე მინისტრის მოადგილეს, რომელიც ბოლო ნახევარი თვის განმავლობაში ვიყავი იგნორირებული, მიწევდა მოხსენებითი ბარათების დაწერა. შემიძლია მოგაწოდოთ ეს მოხსენებები, რომლებიც დაკავშირებულია პრიორიტეტული სახეობების განსაზღვრასთან, სტიპენდიებთან… მე პირადად, ჩემი ინიციატივით სტრასბურგიდან ჩამოვიყვანე დელეგაცია, რომელიც მოგვცემს რეკომენდაციებს უახლოეს ხანში და შესაბამისად, მთავარი იყო მუშაობა საგადასახადო კოდექსთან მიმართებაში.  არაერთხელ მითქვამს მინისტრისთვის, რომ სპორტის სახელმწიფო პოლიტიკა უნდა იყოს უმთავრესი კომპონენტი. გამომდინარე იქიდან, რომ გვაქვს კატასტროფული სიტუაცია, ჯანდაცვის კუთხით, ეს ვერ იქნებოდა ქვეყნისთვის პრიორიტეტული. არადა,  სპორტი ჯანმრთელობისთვის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია.

_ ამ სტრატეგიითა და კონცეფციით, რაც დღეს აქვს სპორტის სამინისტროს, სადამდე მივა მდგომარეობა?

_ მე არც ლევანი მაინტერესებს პირობითად და არც ჩემი თავი, ჩემი ყველაზე დიდი გულისტკივილია, პირველ რიგში ჯანდაცვა. მე მინდოდა შევხვედროდი პრემიერმინისტრს, თუმცა ვერ მოიცალა მან, რომ 15 წუთი ვყოფილიყავი მისი მრჩეველი ინფორმაციულად. თუმცა მან მიიღო ეს გადაწყვეტილება ისე, რომ არ შემხვდა. შესაძლოა მას ჰქონდა უფრო მნიშვნელოვანი საქმეები, თუმცა ეს კომპონენტი რომ არ არის აყვანილი მაღალ დონეზე, ამისი გამოძახილი იყო ალბათ ისიც, რომ ვერ შევხვდი.

_ სამართლებრივად აპირებთ რამეს თუ დარჩება თქვენი გათავისუფლება ფაქტად?

_ სამართლებრივად მან გააკეთა ის, რომ მიიღო მთავრობამ დადგენილება, 6 საშტატო ერთეულის შემცირებაზე. ეს ჩემთვის ცოტა გაუგებარია.  ამცირებ შტატს, როცა ვარ სპორტზე პასუხისმგებელი მინისტრის მოადგილე და არ მეკითხები სპორტის დეპარტამენტის რეორგანიზაციის საკითხს. არ ვიცი, აღარ ვიცი, რა უნდა ვქნა სამართლებრივი კუთხის  თვალსაზრისით. 

რაც შეეხება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის, ლევან ყიფიანის პოზიციას, შევეცდებით უახლოეს მომავალში შემოგთავაზოთ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად