“განსაკუთრებულ მადლობა გვარამიას… ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე!”-ყარამანიშვილების განცხადება რ2-ზე

სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2-ის” ყოფილი მფლობელები განცხადებას ავრცელებენ. ლევან ყარამანიშვილი,  გიორგი ყარამანიშვილი და ტელეკომპანია საქართველოს სახელით, ნიკოლოზ ნაყოფია საზოგადოებას და სამაუწყებლო კომპანიის თანამშრომლებს მიმართავენ. ისინი “რუსთავი 2-ის” თანამშრომლებს მადლობას უხდიან და აღნიშნავენ, რომ ბრძოლა გრძელდება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამართლიანობის აღსადგენად ყველა სამართლებრივ გზას გამოიყენებენ. 

“მივმართავთ საზოგადოებას და თითოეულ “რუსთავი 2-ელს”. ერთი კვირა გავიდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან, რომელიც მის ძალაში შესვლამდე, გამოცხადებიდან 4 საათში „აღასრულა“ ივანიშვილის იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა.

არ დავმალავთ, რომ როგორც ყველა, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი ქვეყნის თავისუფლება, დემოკრატიული მომავალი და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, ჩვენც შოკირებული ვიყავით სტრასბურგის მოსამართლეთა ჩვენთვის აუხსნელი გადაწყვეტილებით – გადაწყვეტილებით, რომელიც შერჩევითად ციტირებს მტკიცებულებებს, არ მსჯელობს საკვანძო ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებზე (როგორიცაა ჩვენი კეთილსინდისიერი შემძენის სტატუსი) და ამბობს, რომ ის, რაც ჩვენ ყველამ პირდაპირ ეთერში ვიხილეთ, არ ყოფილა სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა.

გვინდა, მადლობა გადავუხადოთ თითოეულ “რუსთავი 2-ელს” – საუკეთესო გუნდს, რომელიც ბოლო წლების მანძილზე იდგა თავისუფლებისა და დემოკრატიის ფრონტის ხაზზე და, უდიდესი ზეწოლის ფონზე, ობიექტურად აშუქებდა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ ნიკა გვარამიას, რომელიც ამ ბრძოლაში მართლაც ცენტრალური ფიგურა იყო.

მაგრამ ეს არ არის დამშვიდობების მადლობა, მეგობრებო. ეს არის მადლობა აქამდე გადახდილი ბრძოლებისთვის, რადგან ბრძოლა გრძელდება და გრძელდება გამარჯვებამდე.

ამასთან, გვინდა მოვუწოდოთ ყველა პოტენციურ “შემძენს”, თავი შეიკავოს სადაო ქონების დაუფლებისაგან, რადგან ისინი ჩაითვლებიან არაკეთილსინდისიერ შემძენებად. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ გზას და მივმართავთ ყველა კანონიერ მეთოდს სამართლიანობის აღსადგენად, როგორც ევროსასამართლოს დიდ პალატაში, ასევე საქართველოს სასამართლოებში. იმედს ვიტოვებთ და დარწმუნებულები ვართ, რომ დიდ პალატაში ყველა ზემოხსენებული გარემოება იქნება გათვალისწინებული და სრულყოფილად შესწავლილი.

ამ ბრძოლაში ჩვენ დანებების, უიმედობის ან უკან დახევის უფლება არ გვაქვს. ერთად ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ,” – აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად